სამართალი
ამირან გამყრელიძე - ავტობუსით და მეტროთი მგზავრობისას უნდა გამოვიყენოთ ნიღაბი

 საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ონლაინკონფერენციაზე, დღეიდან, საზოგადოებრვი ტრანსპორტის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მხრიდან რეკომენდაციების დაცვაზე გაამახვილეს ყურადღება.

ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საჭირო იქნება ტრანსპორტში პირბადის ტარება და სანქცია ყოველთვის არ არის აუცილებელი.

გამყრელიძის განცხადებით, ეს ყველამ თავად უნდა გაითავისოს, თუმცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, მაგალითად მგზავრი ავტობუსში პირბადის გარეშე არ აუშვან.

უნდა გავითავისოთ ყველამ, რომ სანქციები არ არის ყოველთვის აუცილებელი, ვამბობთ, რომ ვსწავლობთ თანცხოვრებას კორონავირუსთან ერთად და ნიღაბი დიდი ხნის განმავლობაში ხდება ჩვენი თანამგზავრი, ჩვენი ატრიბუტი. ამიტომ ვინც ვიმგზავრებთ ავტობუსებით, მეტროთი, უნდა ვიხმაროთ ნიღაბი. მე არ გამოვრიცხავ, რომ არ აგიშვან ავტობუსში და არ ჩაგიშვან მეტროში. ალბათ ეს იქნება სანქცია, იქ ამას გააკონტროლებენ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილიც მიიჩნევს, რომ ყველაზე მეტი სანქცია სწორედ ურთიერთკონტროლი უნდა იყოს.

ალბათ უნდა გადავლახოთ ის ბარიერი, როცა გვერცხვინებოდა, თუ გვეუხერხულებოდა სხვისთვის შენიშვნის მიცემა მაშინ, როცა არ უკეთია ნიღაბი ან არასწორად უკეთია“,- დასძინა ზახაშვილმა.

გარდა ამისა, ზახაშვილის განცხადებით, რეკომენდირებულია მუშაობა კვლავ ონლაინ რეჟიმში, ისეთი სამსახურებისთვის, რომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასაც აღნიშნული რეჟიმი არ აფერხებს.

რაც შეეხება იმას, ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ როგორ გაკონტროლდება მგზავრთა ნაკადები, ზახაშვილი ამბობს, რომ ამაზე შესაბამისი უწყებები მუშაობენ.

ჩვენი მხრივ რეკომენდირებულია, მგზავრთა ნაკადები იმგვარად იყოს მობილიზებული, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გადაიკვეთოს მგზავრები ერთ სივრცეში დიდი რაოდენობით და კონტროლირებული იყოს ეს სიტუაცია“,- განაცხადა ზახაშვილმა.

ზახაშვილმა მიღებულ კითხვაზე საპასუხოდ ისაუბრა ტრანსპორტში სადეზინფექციო ხსნარების დამონტაჟების საკითხზეც.

ხათუნა ზახაშვილის თქმით, ჰაერში გამაფრქვევლები დახურულ სივრცეში რეკომენდირებული არ არის.

ჰაერში გამაფრქვევლები არ არის რეკომენდირებული, საზოგადოებრივ, დახურულ სივრცეებში, ეს არ ითვლება მიზანშეწონილად, შესაძლებელია ჯანმრთელობისთვის გარკვეულ საფრთხეებსაც მოიცავდეს. რაც შეეხება ხელის სადეზინფექციო საშუალებების არსებობას, საერთოდ, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ რაც შეიძლება ხშირად და შეძლებისდაგვარად დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო საშუალებით და მათი განლაგების ადგილები უნდა იყოს ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის. ზუსტად სად, როდის და რა ადგილას განლაგდება, დღეს ჩვენ ამაზე პასუხი არ გვაქვს, მაგრამ თითოეულ თქვენგანს გირჩევთ, რომ ხელის სატრანსპორტო სადეზინფექციო საშუალება არსებობს მცირე ზომის ჩამოსხმებში ან დაამზადოთ 70 პროცენტიანი სპირტის შემცველობის ალბათობით და თან იქონიოთ“,- განაცხადა ზახაშვილმა.