საზოგადოება
ხელისუფლება და ოპოზიცია რესპუბლიკელ კონგრესმენთა ანგარიშს აფასებენ

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოქმედი რესპუბლიკური პარტიის სამუშაო კომიტეტის მიერ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი, „პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სახელით საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებები მოჰყვა.

„სამოქალაქო საქართველო“ ანგარიშის შესახებ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განსხვავებულ მოსაზრებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის შეფასება

დავით ზალკალიანი – საგარეო საქმეთა მინისტრი: „გვექნება კიდევ დამატებითი კომუნიკაცია ყველა კონგრესმენთან. აუცილებლად მოვიკვლევთ თუ როგორ, ვისი რეკომენდაციით მოხვდა, ეს ერთი აბზაცი ამ მეტად მნიშვნელოვან კვლევაში, სადაც არის საქართველოსთვის ძალიან სერიოზული მხარდამჭერი დებულებები. ის ფაქტი, რომ მას პირველი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა და პირველმა გამოაქვეყნა Facebook-ის [საკუთარ] გვერდზე. ჩემთვის ძალიან გულდასწყვეტია და საერთოდ, სირცხვილია, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ ქვეყნის ხელისუფლების პარტიის ლიდერს კავშირი აქვს რუსეთთან და ქვეყანა დესტაბილიზაციისკენ მიჰყავს, მაშინ, როდესაც ქვეყანას ასეთი სტაბილური საგარეო პოლიტიკური [ურთიერთობა] და თანამშრომლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან [აქამდე არასდროს ჰქონია]“.

თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი: „ჩვენ გვახსოვს 2012 წელს მსგავსი კვლევები და „ანგარიშები“, სადაც ეწერა, რომ ქართული ოცნება არის პუტინის აგენტი. ამავე კვლევაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვა მიგნებები და წერია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, სამხედრო თანამშრომლობა ქვეყნებს შორის არის უმაღლეს ნიშნულზე. შესაბამისად, ეს შეუსაბამობები, რა თქმა უნდა, იწვევს ირონიას. ბიძინა ივანიშვილი არის ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სცენაზე, რომელიც ამ ქვეყანაში, ჯერჯერობით, არის ერთადერთი, ვინც არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის გარანტი“.

გია ვოლსკი – ქართული ოცნება: „მე შემიძლია, მოგიყვანოთ მაგალითები, რუსეთისთვის ხელშეწყობის, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა დღევანდელმა ქვედანაყოფებმა, ხელი შეუწყვეს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ამიერკავკასიაში და საპირისპირო მაგალითი არ ჩანს არც ზედაპირზე და არც სიღრმეებში. აქედან გამომდინარე, მე მაინც ვფიქრობ, რომ ის ერთი წინადადება, [რომელიც] არის მოტანილი, საკმაოდ განსწავლული აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია“.

ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნება: „ასეთი ფრაზები, თუნდაც ასეთი დაბალი რანგის დოკუმენტებში, არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც მათ ჯერ მოიპოვეს ხალხისა [და] კორუფციის ხარჯზე და შემდეგ გადაუხადეს კონკრეტულ ლობისტებს. ასეთი რანგის დოკუმენტებში, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებში შეიძლება მოხვდეს ასეთი ფრაზები, თუმცა მთავარია, ინსტიტუტების დამოკიდებულება და ეს დამოკიდებულება აისახა მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებაში. რიკერმა დაახლოებით 2 კვირის წინ [თქვა], რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ისეთ მაღალ დონეზე აყვანილი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის”.

ოპოზიციის შეფასება

სალომე სამადაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „ის, რომ ამ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არის მოხსენიებული, როგორც რუსეთის ხელისუფლების მოკავშირე რეგიონში, ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ელოდებიან იმ პოლიტიკურ ცვლილებებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც რეალურად საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, დაბრუნდეს დასავლურ ორბიტაზე და ჩამოეხსნას რუსეთის რეგიონული გავლენის სფეროს“.

სერგი კაპანაძე – ევროპული საქართველო: „ეს მოხსენება არის განაჩენივით. პრაქტიკულად, [კონგრესმენებმა] თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს საქართველოში და ძირს უთხრის ქვეყანას და ეს განაჩენი სისრულეში უნდა მოიყვანოს ქართველმა ხალხმა ოქტომბრის არჩევნებზე. სრულიად წარმოუდგენელია, ქვეყნის მართვა გააგრძელოს ადამიანმა, რომლის მიმართაც ასეთი დამოკიდებულება გააჩნია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ძალიან ნათელია ვის უჭერს მხარს დასავლეთი და ვის არ უჭერს და ძალიან ნათელია, რომ ივანიშვილის პოლიტიკამ მიგვიყვანა სრულ კრახამდე“.

ეკა ბესელია: – დამოუკიდებელი დეპუტატი: „ყოველდღიურად ძლიერდება ასეთი კრიტიკული განცხადებები [და] უფრო მზარდი ხდება. სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი სანქციებზე. ხშირად ისმის, რომ ეს არის გაფრთხილება და, შესაძლოა, ამ ყველაფერმა ნეგატიური გავლენა მოახდინოს ურთიერთობაზე. ამაზე უნდა დაფიქრდეს მმართველი პარტია, [თუ] რა ნაბიჯების გამო არის გამოწვეული ასეთი კრიტიკული განწყობა“.

„სამოქალაქო საქართველო“