საზოგადოება
სად იქნება სავალდებულო პირბადის ტარება - მთავრობის დადგენილება

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა ის ადგილები, სადაც პირბადის ტარება იქნება სავალდებულო. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

პარლამენტმა 12 ივნისს მიიღო კანონი პირბადის ტარების წესთან დაკავშირებით. გარკვეულ სივრცეებში, კერძოდ, დახურულ საჯარო სივრცეებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. აღნიშნული კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობას უნდა მიეღო დადგენილება, რომლითაც დეტალურად იქნებოდა განსაზღვრული პირბადის ტარების წესი და ჩვენ ეს დადგენილება დღეს მივიღეთ, რომლითაც განისაზღვრა ის დახურული სივრცეები, სადაც პირბადის ტარება მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც ამ დაწესებულების თანამშრომლებისთის, იქნება სავალდებულო“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, ზოგიერთი ჯგუფისა და კატეგორიის ადამიანებისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ასაკიდან გამომდინარე, დაწესდა გარკვეული გამონაკლისები. კერძოდ, ამ ადამიანებს პირბადის არ გამოყენების შემთხვევაში არ დაეკისრებათ კანონით განსაზღვრული ვალდებულება.

სად არის სავალდებულო პირბადის ტარება: არჩეული იქნა ის ადგილები, დახურული სივრცეები, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკებია. კერძოდ, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება: საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში, სადაც ყველაზე მეტია შემხებლობა მოქალაქეებთან, სადაც ყველაზე მეტი მოქალაქეების რაოდენობა იყრის თავს. ასევე, სავალდებულო იქნება საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე თავშეყრისას, სადაც შეუძლებელია ორი მეტრი დისტანციის დაცვა. მაგალითად, უფრო გასაგები რომ იყოს მოქალაქეებისთვის – უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე თუ შეუძლებელი იქნება ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა, აქ სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. ასევე, შეხვედრებზე თავშეყრისას გამომსვლელს, მომხსენებელს შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე მოხსენების გაკეთებისას, პრეზენტაციისას. მაგალითად, ვგულისხმობ შემთხვევას, რომელშიც ახლა მე ვიმყოფები. თუ შესაძლებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით დისტანციაში და ამიტომ არ მიკეთია პირბადე. ასევე, სავალდებულო იქნება საერთო სარგებლობის ლიფტებში და სავაჭრო ობიექტებში. ესენიც გახლავთ მაღალი რისკის შემცველი დახურული სივრცეები. სილამაზის სალონებში და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში, სადაც ასევე მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი. ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში, აქაც მოგეხსენებათ რისკი მაღალია და პირბადის გამოყენება სავალდებულოა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, პირბადის გამოყენება სავალდებულოა საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.

ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. არა მხოლოდ მთავრობის დადგენილებაში, არამედ კანონშიც პირდაპირ არის მითითება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. იგულისხმება, მათ შორის, მეტროპოლიტენი და ტაქსები. როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელიც ადგენს სამუშაო ადგილებზე, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციებს და ამ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სადაც ძირითადად იგულისხმება ეკონომიკური საქმიანობები, აქაც პირბადის ტარება იქნება სავალდებულო“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ამასთან, პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, შშმ და ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემების მქონე პირებისთვის.

ახალი კანონის თანახმად, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით.

პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება გამოიწვევს დახურული საჯარო სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 500 ლარით.

პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენით, გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.

პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ამ წესის დამრღვევის დაჯარიმებას 20 ლარით.