უცხოეთი
პირველი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაიწყო

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. სამხრეთ კორეაში ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები, ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ინფიცირებულების რაოდენობა მკვეთრად არ იზრდება. ამის შესახებ BBC წერს.

ქვეყანას COVID-19-თან ბრძოლის საკმაოდ წარმატებული ისტორია აქვს, მაგრამ ახლა ელოდებიან, რომ პანდემია თვეების განმავლობაში გასტანს. სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ჯუნგ უნ კონგი ამბობს, რომ პირველი ტალღა ქვეყანაში ჯერ კიდევ გაზაფხულზე, აპრილში დასრულდა.

მაისიდან კი გაიზარდა ახალი შემთხვევების რაოდენობა და ასევე ახალი კლასტერების რაოდენობაც, მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლასტერი, რომელიც სეულის ღამის კლუბს უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ აპრილიდან მაისამდე პერიოდში ინფიცირების ყოველდღიური რაოდენობა ათასიდან თითქმის განულებული იყო.

ოფიციალური პირები COVID-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობის კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებენ. BBC-ის ცნობით, აქამდე სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობდნენ, რომ კორონავირუსის პირველი ტალღა არ იყო დასრულებული. მაგრამ ახლა აცხადებენ, რომ მაისის დასაწყისი ეპიდემიის მეორე ტალღის საწყის ეტაპად უნდა ჩაითვალოს.

სამხრეთ კორეაში COVID-19-ის სულ 97 302 შემთხვევაა აღწერილი, მათ შორის 1930 პაციენტი გარდაიცვალა. ხოლო 51 608 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გასული დღე ღამის განმავლობაში ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს არ არის დიდი ციფრი, თუმცა საგანგაშოა, რადგანაც ყველა მათგანი სხვადასხვა კლასტერს ეკუთვნის.

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსის მეორე ტალღაზე საუბრობენ, ირანია, თუმცა ოფიციალურად ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს არ გამოუცხადებიათ, რომ საქმე მეორე ტალღას ეხება, აღნიშნულზე საუბრობენ მხოლოდ ცალკეული ექსპერტები, რომლებსაც ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა აფიქრებინებთ, რომ ქვეყანაში უკვე ვირუსის მეორე ტალღა დაიწყო.

ambebi.ge