აქტუალური
ვიმედოვნებთ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მრავალპარტიული მხარდაჭერა ექნება - კელი დეგნანი

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს შეთანხმება, წავიდნენ კომპრომისებზე, ახლა ყველას სურს, იხილოს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი სრულდება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

საარჩევნო რეფორმაზე ჩვენს განცხადებაში მკაფიოდ წერია, რომ დიალოგის მონაწილე ელჩებს არ სურთ კომენტარის გაკეთება სპეციფიკურ დეტალებზე. 8 მარტის შეთანხმება მიღწეული იყო საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ. სწორედ ეს იყო რეალურად წარმატება, რომ მათ შეძლეს შეთანხმება, წავიდნენ კომპრომისებზე, ახლა ყველას სურს, იხილოს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი სრულდება. ახლა უკვე ორი კენჭისყრა იყო პარლამენტში, რაც ეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს და საარჩევნო სისტემას, რომელიც მოახლოებული არჩევნების დროს უნდა იყოს გამოყენებული. ასევე, არის ერთობლივი განცხადება, რომელიც ეხება მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევას და შერჩევით სამართალს. ეს უნდა შესრულდეს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება მრავალპარტიული მხარდაჭერა. ეს ნამდვილად იქნება ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესისადმი ერთგულების დადასტურება და შეიქმნება სათანადო პირობები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. მიმაჩნია, რომ დამატებითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა საერთო განცხადების მეორე ნაწილი, რაც 8 მარტს გაფორმდა, შესრულდეს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.