უცხოეთი
ირანმა დონალდ ტრამპის დაპატიმრებაზე ორდერი გასცა

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. თეირანის პროკურორის თქმით, დონალდ ტრამპის დევნა მას შემდეგაც გაგრძელდება, რაც მას საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება.

ირანის სასამართლო ხელისუფლებამ ინტერპოლს მოსთხოვა, გამოაცხადონ საერთაშორისო ძებნაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი — გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობისთვის, იუწყება სააგენტო Mehr.

„ჩვენ მოვახერხეთ 36 ადამიანის იდენტიფიცირება, რომლებიც ქასემ სულეიმანის მკვლელობის მომზადებაში მონაწილეობდნენ. მათ შორის არიან აშშ-ისა და სხვა ქვეყნების პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწეები“,ციტირებს სააგენტო თეირანის პროკურორ ალი მეჰრის სიტყვებს.


პროკურორის თქმით, ქვეყნის სასამართლო ორგანოებმა მიიღეს დადგენილება აღნიშნული პირების პასუხისმგებლობაში მიცემისა და ინტერპოლის ხაზით „წითელი სტატუსის“ მინიჭების შესახებ, რაც ეჭვმიტანილების მსოფლიო მასშტაბით ძებნაში სამართალდამცველების მხრიდან ხელშეწყობას მოიაზრებს.

ალი მეჰრის განმარტებით, სიის თავში, რომელში შეყვანილ პირებსაც ბრალი ედებათ მკვლელობასა და ტერორიზმში, „თავად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დგას, რომლის დევნაც მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც გაგრძელდება“.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი ქასემ სულეიმანი შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე წლის 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან მოკლა. მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ სულეიმანი აშშ-ის ოთხ საელჩოზე თავდასხმას ამზადებდა.

ამის პასუხად 8 იანვარს ირანმა რაკეტები გაუშვა ერაყში მდებარე ორი ამერიკული სამხედრო ბაზის მიმართულებით და განაცხადა, რომ ეს სულეიმანის მკვლელობაზე შურისძიება იყო.

sputnik-georgia.com