უცხოეთი
NYT-ის სკანდალური სტატია: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარს აკეთებს

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. ამერიკულმა გავლენიანმა გაზეთმა The New York Times-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთი ფულს უხდის თალიბებს ამერიკელი ჯარისკაცების განადგურებაში.

ამერიკული მედიასაშუალებების ახალი პუბლიკაცია მოსკოვისა და თალიბების „შეთქმულების“ შესახებ — აშშ-ში შიდა პარტიული ბრძოლების გაგრძელებაა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, აზიის მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზამირ ქაბულოვმა.

გასულ კვირას გაზეთმა The New York Times-მა, ამერიკულ სპეცსამსახურებში არსებულ ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც რუსული სამხედრო დაზვერვა ჯილდოს აღუთქვამდა „თალიბანის“ ბოევიკებს ავღანეთში მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმებისთვის. ამასთან გამოცემას არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამის შემდეგ აშშ-ში რუსეთის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიპლომატების მისამართით მუქარები ისმოდა.

„ჩვენ ადრე უკვე გავაკეთეთ კომენტარი New York Times-ის პუბლიკაციასთან დაკავშირებით. ზედმეტად დიდი აჟიოტაჟი იქმნება ღია სიყალბის ირგვლივ, რომელიც თავად ტრამპმაც და მისმა ადმინისტრაციამაც უარყვეს <...> ჩვენთვის სამარცხვინოდ მიმაჩნია ძალიან ბევრი დროის დაკარგვა ღია სიცრუის კომენტირებაზე. გასაგებია, რომ აშშ-ში არიან ძალები, რომლებსაც არ სურთ ავღანეთიდან წასვლა, სურთ გაამართლონ თავიანთი ჩავარდნა. და ამის გარშემო ტრიალებს ყველაფერი“, — განაცხადა ქაბულოვმა.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციას მედიასიცრუე უწოდეს კრემლშიც.

„პირველი — ეს არის სიცრუე; მეორე — თუ შეერთებულ შტატებში სპეცსამსახურები კვლავაც პრეზიდენტს ექვემდებარებიან, მაშინ მე გთავაზობთ ორიენტირად პრეზიდენტ ტრამპის შესაბამისი განცხადებები გამოიყენოთ, რომელმაც უკვე მისცა შეფასება ამ პუბლიკაციებს. და მესამე — ჩვენ უბრალოდ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გამოვთქვათ სინანული იმის გამო, რომ ოდესღაც უმსხვილესი მსოფლიო მედიასაშუალება, პატივსაცემი და მაღალი კლასის მედიასაშუალება ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად არ თაკილობს აბსოლუტური სიცრუის პუბლიკაციას, რაც, რაღა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს მათი მაღალი რენომესა და პრესტიჟის შენარჩუნებას“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

აღსანიშნავია, რომ თეთრმა სახლმა ასევე გააკრიტიკა სტატია და აღნიშნა, რომ დაზვერვას პრეზიდენტისთვის არაფერი მსგავსის შესახებ არ მოუხსენებია, ხოლო თავად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუბლიკაცია დაკვეთილი იყო. მოგვიანებით ბრალდება უარყო „თალიბანმაც“.

sputnik-georgia.com