სამართალი
ეუთო-ოდირის წინასაარჩევნო საჭიროებების შეფასების ანგარიში

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR – ოდირი) საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შესახებ საჭიროებების შეფასების მისიის ანგარიში გამოაქვეყნა.

მისია თბილისს 3-დან 8 აგვისტომდე პერიოდში სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, მისიის წევრები ქვეყნის ოფიციალურ პირებს, პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მისიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

27 აგვისტოს გამოქვეყნებული ანგარიშში ნათქვამია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად მისია ეუთოს ქვეყნებიდან 28 გრძელვადიანი, ხოლო უშუალოდ არჩევნების დღისთვის 350 მოკლევადიანი დამკვირვებლის ჩამოსვლას უწევს რეკომენდაციას. სადამკვირვებლო მისია მედიამონიტორინგსაც მოიცავს.

მისიის განცხადებით, საქართველოში გამართული შეხვედრების დროს, მათ უთხრეს, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების აუცილებელი წინაპირობა საარჩევნო ცვლილებების წარმატებით განხორციელებაა. მისიის განცხადებით, ზოგიერთმა ისიც აღნიშნა, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები საკმარისი არ არის.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ზოგიერთ ზემოაღნიშნულ შეხვედრაზე საარჩევნო პროცესის უფრო მეტად გაჯანსაღებისთვის სამომავლო ზომების მიღების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. მათ შორისაა: საარჩევნო კომისიების შემადგენლობის გაუმჯობესება, ამომრჩეველთა დაშინების წინაამღდეგ სათანადო ზომების მიღება, საარჩევნო დავების გადაწყვეტის სამართლიანი მექანიზმის ამოქმედება, საარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭირვალობის უზრუნველსაყოფისთვის საჭირო ზომების მიღება და სოციალურ მედიაში წარმოებული კამპანიის დარეგულირება.

მისიის განცხადებით, მათთან საუბრისას, უმრავლესობამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ ნდობა გამოხატა, თუმცა ზოგიერთ შეხვედრაზე ისიც თქვეს, რომ ქვედა დონის საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიას საჭიროზე უფრო დიდი წარმომადგენლობა აქვს, რომელთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზეც ეჭვები გამოთქვეს.

ოდირის თქმით, საარჩევნო კამპანია, დიდი ალბათობით, ეკონომიკურ საკითხებზე, ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგებზე, კანონის უზენაესობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე გაამახვილებს ყურადღებას. მისიასთან საუბარში ასევე აღნიშნეს, რომ კოვიდ-19-ის პანდემია საარჩევნო კამპანიის წარმოებას ხელს არ შეუშლის.

ანგარიშის თანახმად, მისიასთან საუბარში ზოგიერთმა წუხილი იმის გამოც გამოთქვა, რომ პანდემიის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯებით „ქართული ოცნება” საარჩევნო პროცესში სარგებლის მიღებას ცდილობს. ზოგიერთმა კი – წინასაარჩევნოდ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ამოქმედებული სამთავრობო პროგრამები ამომრჩევლის „ხმების სავარაუდო მოსყიდვად” შეაფასა.

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ მისიასთან საუბარში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა ზოგმა დადებითად შეაფასა, ზოგიერთმა კი – ადამიანური რესურსებისა და სანქციების დაკისრების უფლებამოსილების ნაკლებობის გამო მისი საქმიანობის ეფექტიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ოდირის მისიის თქმით, მათთან გამართულ ზოგიერთ შეხვედრაზე საარჩევნო კამპანიისა და პარტიების ფინანსების გამჭირვალობისადმი ნდობის ნაკლებობაზეც ისაუბრეს.

ანგარიში ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოზეც ამახვილებს ყურადღებას. ეუთო/ოდირის მისიას შეხვედრებისას უთხრეს, რომ საქართველოში მედიაგარემო „მრავალფეროვანია, თუმცა პოლიტიკური ნიშნით დაყოფილი“. ამ კონტექსტში მათმა ნაწილმა „მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ცნობილ ტელეწამყვანებზე გახშირებულ ზეწოლას“ გაუსვა ხაზი.

რაც შეეხება არჩევნებზე დაკვირვების პროცესს, მისიის წევრებთან საუბარში ზოგიერთმა შეშფოთება გამოხატა „დაკვირვების მექანიზმის საარჩევნო მიზნებისთვის ბოროტად გამოყენების გამო“, რაც საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიმართ საზოგადოების ნდობას შეამცირებს.

მისიის თქმით, ოდირის რეკომენდაცია, რომ დასაშვები გამხდარიყო ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის, თუნდაც ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება, არ გაუთვალისწინებიათ და საარჩევნო დარღვევების შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის გადაწყვეტილებები გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

დაბოლოს, მისიასთან საუბარში ზოგმა „საარჩევნო სისტემის დამოუკიდებლობისა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის პროცესის ეფექტურობისადმი“ ნდობის ნაკლებობაზეც გაამახვილა ყურადღება.