უცხოეთი
აშშ-მა ფატუ ბენსუდას პერსონალური სანქციები დაუწესა

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდასა და იურისდიქციების განყოფილების ხელმძღვანელს, ფაკისო მოჩოჩოკოს პერსონალური სანქციები დაუწესა.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას სანქციების იმ პირებისათვის დაწესებას, რომლებიც ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ომის შესაძლო დანაშაულის გამოძიებაში არიან ჩართულნი.

განკარგულების თანახმად, აშშ-ის იურისდიქციის ფარგლებში იმ პირთა აქტივები დაიბლოკება, რომლებსაც კავშირი აქვთ ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებებთან. გარდა ამისა, ასეთ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა აეკრძალებათ.

5 აპრილს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ფატუ ბენსუდას, რომელიც 2017 წლიდან იძიებს ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ომის შესაძლო დანაშაულს, ამერიკის ხელისუფლებამ მის ტერიტორიაზე შესასვლელად საჭირო ვიზა გაუუქმა.

აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი არ არის, ისევე როგორც რუსეთი და ჩინეთი.

შეგახსენებთ, რომ ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომის საქმეს იძიებს.

imedinews.ge