სამართალი
საპროტესტო ტალღა ოკუპირებულ ცხინვალში – დაკავებულია შვიდი ეჭვმიტანილი

 საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. ცხინვალში 31 აგვისტოს პროტესტი კვლავ განახლდა. ქუჩაში გამოსული ადგილობრივები 28 წლის ინალ ჯაბიევის გარდაცვალების გამო რეგიონის „პრეზიდენტის“ ანატოლი ბიბილოვისა და „გენერალური პროკურორის“ ურუზმაგ ჯაგაევის გადადგომას ითხოვდნენ.

ცხინვალში საპროტესტო ტალღა 28 აგვისტოს, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილი ინალ ჯაბიევის გარდაცვალების შესახებ ცნობების გავრცელებას მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, ჯაბიევი იზოლატორში სასტიკად სცემეს. იგი ოკუპირებული რეგიონის „შს მინისტრ“ იგორ ნანიევის მკვლელობის მცდელობისთვის იყო დაკავებული.

ბიბილოვმა პროტესტის საპასუხოდ ჯერ ნანიევი გადააყენა, შემდეგ კი – „მთავრობის“ სრული შემადგენლობა დაითხოვა. აღნიშნულს წინ ოკუპირებული რეგიონის „პრემიერ-მინისტრის“ გადადგომა უძღოდა.

ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის „პროკურატურამ“ ჯაბიევის გარდაცვალებასთან სავარაუდოდ დაკავშირებული „შს სამინისტროს“ შვიდი თანამშრომელი დააკავა.

დაკავებულებისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც.

დაკავებულებს ბრალს, დიდი ალბათობით, უფლებამოსილების გადამეტებისთვის წაუყენებენ, თუმცა გამომძიებლის თქმით, ბრალი, შესაძლოა, შეიცვალოს, ასევე დაკავებულების წრე გაფართოვდეს ან შემცირდეს.

ცხინვალში მიმდინარე პროცესებს რეგიონის ყოფილი „პრეზიდენტი“ ლეონიდ თიბილოვი გამოეხმაურა და თქვა: დარწმუნებული ვარ, რომ დამნაშავეებს იპოვნიან და დასჯიან“. „აუცილებელია, რომ სასამართლოსა და გამოტანილ განაჩენს დაველოდოთ“, – თქვა მანვე.

ოკუპირებული რეგიონის კიდევ ერთმა ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ედუარდ კოკოითმა Instagram-ზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ბიბილოვს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდა. კოკოითმა თქვა, რომ „ბიბილოვმა საკუთარ ხალხს ბრძოლა გამოუცხადა“ და მისი მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში, ცხინვალში დაბრუნებით დაიმუქრა.