პოლიტიკა
Noble Partner 2020: ამერიკული სამხედრო ტექნიკის კოლონამ რუსული სამხედრო ბაზის „ცხვირწინ“ ჩაიარა

 საქართველო, 8 სექტემბერი, საქინფორმი. სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ცხადად წარმოაჩენს, თუ როგორ აგრძელებენ მოკავშირე ძალები ერთობლივად მუშაობასა და წვრთნას „კოვიდ“ პანდემიის რთულ პირობებშიც კი, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

დღეს ერთობლივ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2020“ მონაწილე აშშ-ის არმიის სამხედრო ტექნიკის კონვოიმ მარშირებით საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ქალაქი გორი გაიარა. ეს ქალაქი სტრატეგიულ მნიშვნელობას ქვეყნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ ავტომაგისტრალთან მდებარეობის გამო ინარჩუნებს. სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ცხადად წარმოაჩენს, თუ როგორ აგრძელებენ მოკავშირე ძალები ერთობლივად მუშაობასა და წვრთნას „კოვიდ“ პანდემიის რთულ პირობებშიც კი“, – წერს ამერიკის საელჩო „ფეისბუქზე“.

„ღირსეული პარტნიორი 2020“ ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნა. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.