სამართალი
ნოემბრიდან ევროპის მიმართულებით თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება

 საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ნოემბრიდან ევროპის მიმართულებით თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პრემიერის ინფორმაციით, ასევე, ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისებზე ფრენების დამატება იგეგმება.

მას შემდეგ, რაც მივიღეთ გადაწყვეტილება, ნოემბრის თვიდან საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენის შესახებ, მაგრამ ფრთხილად. პირველი ნაბიჯი იქნება ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისებზე ფრენების დამატება. ეს გახლავთ საფრანგეთის, პარიზისა და მიუნხენის მიმართულებით, პირველი ნაბიჯი იქნება ამ მიმართულებებზე რეისების დამატება, რაც, გარდა იმისა, რომ ჩვენს მოქალაქეებს მისცემს გადაადგილების შესაძლებლობას ევროპაში, ასევე ეკონომიკას მისცემს ცოტა მეტ ჟანგბადს და მოგვეხმარება ქვეყანაში დამკვირვებლების მარტივად შემოყვანაში. ამასთან, ნოემბერში, ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად პირდაპირი რეისები გაიხსნება ევროპის მიმართულებით, როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან. ამას ვაკეთებთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ შესაძლებლობა ეკონომიკური აქტივობით სულ უფრო და უფრო მარტივად მოხდეს მათი დასაქმება“, – განაცხადა გახარიამ.