აქტუალური
ოპოზიციური პარტიის ლიდერები მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ აქციაზე მისვლისკენ

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისში, საბურთალოზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები მსვლელობით სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართულებით გაემართნენ. მსვლელობის მიზანი 8 ნოემბერს დაანონსებული აქციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება იყო. ამის შესახებ იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ აქციაზე მისვლისკენ. ოპოზიცია საზოგადოებას მიმართავს, რომ კვირას აქციაზე მივიდნენ და საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტონ.

ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პარალელურად ვიყენებთ ყველა იმ სამართლებრივ ინსტრუმენტს, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ცესკოსა და ხელისუფლების მხრიდან არანაირი მზაობა არ არის, იმისთვის, რომ ოპოზიციური პარტიების მირ მომზადებული საჩივრები განიხილონ.

მსვლელობას ასევე ესწრებოდა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ირმა ნადირაშვილი.

კვირას უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რათა ბიძინა ივანიშვილმა თვალნათლივ დაინახოს, რა შედეგი მოაქვს ხმების ქურდობას. ივანიშვილს, რომ დავამარცხებთ წამითაც არ მეპარება ეჭვი“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ოპოზიცია 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

განსაკუთრებით ხმაურიანი საპროტესტო აქციები ახლახან თბილისსა და ბათუმში გაიმართა – ოპოზიცია საოლქო კომისიების სხდომებზე საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას მოითხოვდა.

ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48,23% მიიღო და 13 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მოგების შედეგად მას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს განზრახ დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მოწმობენ.