სამართალი
ქუთაისის საოლქო კომისიასთან დაპირისპირება მოხდა

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ადგილზე დაძაბული ვითარება იყო. ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცველებმა სიტუაციის განმუხტვა სცადეს. პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი სიტუაციას განარიდა.

ადგილზე შეკრებილებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ეს არ არის არჩევნები, არჩევნების შედეგები არის გაყალბებული, მიტაცებული და ჩვენ არ შევეგუებით ამას. ივანიშვილმა გადაჯღაბნა ყველა საუბნო ოქმი, რაც შევარდნაძის შემდეგ ამ ქვეყანაში არ ყოფილა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა გია თევდორაძემ.

ქუთაისის 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა 19:00 საათზე დაიწყო.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. მის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მისი არალეგიტიმურობის ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე.

ოპოზიცია 8 ნოემბერს საყოველთაო საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებს, მანამდე კი თბილისსა და რეგიონებში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან საპროტესტო აქციებს მართავს.

გუშინწინ განსაკუთრებით ხმაურიანი საპროტესტო აქციები თბილისსა და ბათუმში გაიმართა – ოპოზიცია საოლქო კომისიების სხდომებზე საჩივრების განხილვის პროცესზე დასწრებას მოითხოვდა.

ცესკოში აცხადებენ, რომ ხმების გადათვლის პროცესზე დასწრების უფლება ოპოზიციური პარტიების მხოლოდ აკრედიტებულ წარმომადგენლებს შეუძლიათ.

ცესკოს მონაცემებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების 48,23% მიიღო და 13 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მოგების შედეგად მას პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება.

მმართველ პარტიაში ოპოზიციის ქმედებებს განზრახ დესტრუქციულს, დესტაბილიზაციისკენ მიმართულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, რასაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები მოწმობენ.