აქტუალური
ალასანია&სანიკიძე: „Обозреватель“–მა საქართველოში მზადებული სახელმწიფო გადატრიალების შესახებ მეორე აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა (აუდიო)

 საქართველო, 9 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინული საიტი “obozrevatel” ორ ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს, რომელთაგან ერთი, გამოცემის ცნობით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძას, თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძეს შორის შედგა (აუდიოჩანაწერს უსმინეთ აქ), მეორე კი, დეპუტატ სალომე სამადაშვილსა და უცნობ პირს შორის. obozrevatel-ზე დაყრდნობით, ჩანაწერები, რომელთა აუთენტურობა დადგენილი არ არის, “იმედმა” გაავრცელა.

უკრაინული გამოცემა წერს, რომ ალასანია-სანიკიძე ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების გეგმაზე საუბრობენ, სინამდვილეში აუდიოჩანაწერში ოპოზიციის მიერ ძალადობრივ გადატრიალებაზე საუბარი არ არის. განიხილება სამოქმედო გეგმა, რომელიც გამოცემის მიერ თემურ ალასანიად იდენტიფიცირებული პირის თქმით, უნდა იყოს შემდეგი:

არავითარი ლეგიტიმაცია ამ მთავრობას

სრული სამოქალაქო დაუმორჩილებლობა

არავითარი დიალოგი და კოოპერაცია, გაწყდეს კავშირი ხალხსა და პოლიტიკურ სპექტრს შორის

დროებითი მთავრობის შექმნა

მიმართვა მსოფლიოს, რომ არ ვითხოვთ მხარდაჭერას, მაგრამ გაცნობებთ, რომ სახალხო კომიტეტმა ხელში აიღო სრული ძალაუფლება

სავარაუდოდ, გუბაზ სანიკიძე პასუხობს, რომ მის მიერ “ლეიბორისტების” ოფისში ოპოზიციისთვის შეთავაზებული გეგმაა, მიმართვა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ქვეყანაში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, შეიქმნას ეროვნული ხსნის კომიტეტი და ულტიმატუმის დაყენება.