უცხოეთი
მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მარცხის აღიარებას ჯერ არ აპირებს

 საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხების შესახებ განცხადების გაკეთებას უახლოეს ხანში არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწეებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ არჩევნების შედეგების გასაჩივრებას და რამდენიმე შტატში ხმების გადათვლას მოითხოვს. ტრამპის საარჩევნო შტაბის განცხდებაში ნათქვამია, რომ „არჩევნების დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია“.

„ჯო ბაიდენი ოფიციალურად გამარჯვებულად ჯერ არც ერთ შტატში არ დაუმტკიცებიათ რომ არაფერი ვთქვათ ძალზედ კონკურენტულ შტატებზე, სადაც ხმების სავალდებულო გადათვლაა მოსალოდნელი, ან იმ შტატებზე, სადაც ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური სასამართლო დავა, რამაც შესაძლოა, გამოავლინოს რეალური გამარჯვებული“, – ნათქვამია ტრამპის საარჩევნო შტაბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტრამპის ადვოკატებმა უკვე გაასაჩივრეს სავარაუდო დარღვევები ჯორჯიაში, მიჩიგანსა და ნევადაში. პენსილვანიაში უზენაესმა სასამართლომ ე.წ. დამატებითი ბიულეტენების ავთენტურობის შემოწმებისა და ხმების დათვლის პროცესზე რესპუბლიკელი დამკვირვებლების დასწრების განკარგულება გასცა. თუმცა, ისევე როგორც პენსილვანიაში, ასევე სხვა შტატებშიც ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ ხმების გადათვლის შემდეგ ზოგადი სურათის შეცვლის შესაძლებლობა ძალიან მცირეა.

7 ნოემბერს ამერიკულმა და საერთაშორისო მედიის ნაწილმა, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, ჯო ბაიდენი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულად გამოაცხადა.

1tv.ge