აქტუალური
სამამულო ომი დასრულდა! — ალიევი

 საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. ომი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა, – განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სამხედროებთან შეხვედრაზე, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობენ.

“სამამულო ომი დასრულდა. აზერბაიჯანმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა ამ ომში, ჩვენი მიწები განთავისუფლდა ოკუპაციისგან, ოკუპანტები განდევნეს ჩვენი მიწებიდან”, – ასე დაიწყო ალიევმა მიმართვა.

მან აღნიშნა, რომ ბრძოლა ყარაბაღში სასტიკი იყო, რადგან წლების განმავლობაში, როდესაც სომხეთი აკონტროლებდა ამ ტერიტორიას, იქ აშენდა სერიოზული გამაგრებები. ამავე დროს, ალიევის მტკიცებით, თითქმის ყველა სამოქალაქო სტრუქტურა დანგრეულია.

“განთავისუფლებული მიწების ლანდშაფტმა აჩვენა, რომ ეს მტერი აზერბაიჯანელი ხალხის სიძულვილით ცხოვრობდა, თორემ რატომ დაანგრია ყველა შენობა? განადგურებული იქნა ჩვენი განთავისუფლებული ტერიტორიების თითქმის 99% – საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, საავადმყოფოები, საზოგადოებრივი შენობები, ისტორიული ძეგლები, ჩვენი წინაპრების საფლავები, მეჩეთები. ახლა ჩვენ ვაქვეყნებთ ამ სურათებს, ნებისმიერს შეუძლია მათი ნახვა პრესაში. ეს არის ველურობა, ვანდალიზმი, ეს არის ომის დანაშაული”, – თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ალიევმა თქვა, რომ ახლა აზერბაიჯანი სომხეთისგან კომპენსაციას ითხოვს ამ ტერიტორიებზე მიყენებული მატერიალური ზარალისთვის, როდესაც ისინი ერევნის და არაღიარებული რესპუბლიკის ძალების კონტროლს ექვემდებარებოდნენ.

“მოწვეული იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები. საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გამოითვლება მატერიალური და მორალური ზიანი”, – აცხადებს ილჰამ ალიევი.