აქტუალური
ივანე მაჭავარიანი - პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში ბიუჯეტის გამო მაინც უნდა შევიდეს

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში შევიდნენ და 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვაში მიიღონ მონაწილეობა, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და მის არალეგიტიმურად ცნობას მოითხოვს. ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა, რომლებიც წინასწარი შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვდნენ, უკვე მოაწერა ხელი მემორანდუმს, რომლის მიხედვით მათ უარი თქვეს მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ იგი თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა.

დარწმუნებული ვარ, რომ დიალოგის რესურსი არსებობს. არაფერზე რომ არ იყოს თანხმობა და ვერაფერზე ვერ შეჯერდნენ, მგონია, ბიუჯეტის ხათრით მაინც უნდა შედიოდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა პარლამენტში, იმიტომ რომ ბიუჯეტი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დოკუმენტია, რომელსაც პარლამენტი წლის განმავლობაში განიხილავს. და მისი აქტუალობა დღეს ისეთი მაღალია, როგორც არასდროს ამ პანდემიისა და კრიზის პერიოდში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის განცხადებით, არასდროს ისე მნიშვნელოვანი არ ყოფილა ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვები და მისი დამტკიცება, ლეგიტიმაცია, როგორც ახლა, და როცა ოპოზიცია საუბრობს დიალოგზე, მაგრამ ულტიმატუმით საუბრობს, ეს ერთმანეთს გამორიცხავს და იგივეა, რაც „ცხელი თოვლი“.

რაც შეეხება თვითონ დოკუმენტს, მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით დამაიმედებელი ინფორმაცია ვრცელდება, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მაინც 4.3% ეკონომიკური ზრდის პროგნოზით დაიგეგმა.

დეფიციტის პარამეტრი შენარჩუნდება კვლავაც მაღალი, იმიტომ რომ 2021 წელს მნიშვნელოვანი იქნება როგორც ფისკალური სტიმულის შენარჩუნება, ასევე ჯანდაცვის მაღალი ხარჯებიც, რომლითაც 2020 ხასიათდებოდა. აქ შედის როგორც კარანტინის, ისე მკურნალობის და ტესტირების ხარჯები. რაც მთავარია, მე იმედი მაქვს, რომ ვაქცინის ხარჯებიც შევა – რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ბევრი, იმიტომ რომ ეს იქნება ალბათ ყველაზე ეფექტური ხარჯები, რაც უმოკლეს დროში გაგვიწევია“, – განაცხადა მინისტრმა.

მაჭავარიანის თქმით, ფინანსთა სამინისტრო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განსახილველად საქართველოს პარლამეტს 30 ნოემბრისთვის წარუდგენს.