რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველო ფრთხილობს ენდოს რუსეთს

   რასაც ახლა ვიტყვი, ოფიციალური თბილისი არ გამოაცხადებს, მაგრამ მოსკოვმა, როდესაც საჯაროდ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ არაკეთილგანწყობილ ქმედებებში დასავლეთთან დუეტში, უნდა იცოდეს - რას ფიქრობს სინამდვილეში საქართველოს ხელმძღვანელობა. საქართველოს ხელისუფლება უთუოდ აცნობიერებს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის არც ისე მაღალ პოლიტიკურ რენტაბელობას, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში, როგორც უალტერნატივო, მაგრამ უფრთხის რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო პოლიტიკურ დიალოგში შესვლა, არცთუ უსაფუძვლო ვარაუდით, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაფართოება ავტომატურად გამოიწვევს დასავლელ პარტნიორებთან - აშშ-ს, ნატოსა და ევროკავშირთან - ურთიერთობების შეკვეცასა და გაუარესებას.

საქართველოს ხელისუფლება უფრთხის კრემლთან პირისპირ დარჩენას, ზემოთ ჩამოთვლილი დასავლელი პარტნიორების გარეშე და ამიტომ თავს არიდებს კარდინალური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას. თბილისი შიშობს, რომ მოსკოვმა შეიძლება მას ისეთი წინადადება გაუკეთოს, რომელზეც უარის თქმა გაუჭირდება, რის შედეგადაც იმ სარგებელსაც დაკარგავს, რაც დღეს დასავლეთისგან აქვს, და რუსეთთან სტაბილურობაც ხანმოკლე აღმოჩნდება.

ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას უფრო აინტერესებს შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შენარჩუნება, ვიდრე რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა. საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტად აფასებს ევროკავშირთან შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და დასავლური კრედიტების აღების შესაძლებლობას, ვიდრე ქართული პროდუქციისთვის მთავარ - რუსულ ბაზარს.

გასულ კვირას საქართველოს კიდევ ერთხელ სტკიცეს უარი ნატო-ში გაწევრიანებაზე ("კონსენსუსი არის ჩვენი ალიანსის ბირთვი და ეს ასეც გაგრძელდება. ნატოს გაფართოების გადაწყვეტილებას მოითხოვს ყველა მოკავშირის თანხმობას" - სტოლტენბერგი), მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ურჩევნია დარჩეს MAP–ის მარადიულ კანდიდატად, ვიდრე დაიწყოს რუს მესაზღვრეებთან მოლაპარაკებები, რის შედეგად შესაძლებელი გახდება გამყოფ ხაზებზე ინციდენტების შეწყვეტა - მათი პრევენციის საერთაშორისო მექანიზმებისა და ჟენევაში მოლაპარაკებების გარეშე.

საქართველოს ხელისუფლებამ რუს ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლის ნება არ დართო, რამაც ვერ დაიცვა საქართველო კორონავირუსის პანდემიისგან, სამაგიეროდ, ხელისუფლებამ დაკარგა რუსეთისთვის ვაქცინის თხოვნის მორალური უფლება, რომელსაც მას, სავარაუდოთ, ერთ–ერთ პირველს და შეღავათიან ფასში მიუწოდებდნენ. ტუმცა, ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

მთავარია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს დაკარგოს ლობისტების დახმარებით მიღწეული აშშ–ისა და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში, რომლის მთავარი ლიდერი უწინდებურად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. აშშ-ის საელჩომ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ და პატივსაცემი დასავლური ორგანიზაციების საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს "ქართული ოცნების" გამარჯვება ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და გამოაცხადეს ისინი კონკურენტუნარიან, დემოკრატიულ და გამჭვირვალე არჩევნებად. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი არგუმენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლის სასარგებლოდ იყო ამ უკანასკნელის უსაფუძვლო დადანაშაულება „პრორუსულობაში“, გაერთიანებულმა ოპოზიციამ დასავლეთის მხარდაჭერა ვერ მიიღო. შედეგად, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა უკვე დასავლელ ელჩებს - ფასილიტატორებს შეუტიეს "პრორუსული" ხელისუფლების წაქეზების ბრალდებებით, რაც, უდავოდ, სახელისუფლებო პარტიის საშინაო პოლიტიკაში დიდ ტაქტიკურ გამარჯვებად იქცა, რომელიც მან, ბუნებრივია, საფრხის ქვეშ არ დააყენა რუსეთთან გაურკვეველი პერსპექტივებით მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურების გამო.

   მოსკოვმა კი, საქართველოს ქალაქების ცენტრალურ გამზირებზე გაერთიანებული ოპოზიციის მასობრივი ანტისახელისუფლებო ფლეშმობების თვალყურისას - მდიდრულად გაფორმებული კომუნისტური სიმბოლიკითა და სსრკ–ის ჰიმნის ფონზე - ვითომ "ვერ ამჩნევს" ნამგალ–უროიან პლაკატებზე ლენინთან ჩახუტებულ მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილს. მიზეზი მარტივია - იმისთვის, რომ ხელიდან არ გაუშვან შესაძლებლობა, თბილისს მიუთითონ ”საქართველოში რუსოფობიის დასრულების აუცილებლობა“, რომელიც, ვითომ, „გავრილოვის ღამის“ შემდეგაც გრძელდება! საპასუხოდ თბილისიდან გაისმის სამართლიანი, მაგრამ პიარის თვალსაზრისით უსუსური არგუმენტები - აქაოდა, საქართველოში რუს ტურისტებს არაფერი ემუქრებათო, რაც, დამეთანხმედ, საერთაშორისო აუდიტორიისთვის არადამაჯერებლად ჟღერს.

   რატომ ხდება ასეთი კაზუსები? ნუთუ რუსეთს არ ესმის, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შესწევს უნარი აღკვეთოს გაერთიანებული ოპოზიციის ანტირუსული რიტორიკა, მიტინგები და მსგავსი ნარატივი, რომელთა მთავარი სამიზნეც თავად არის და არა - შორეული მოსკოვი?! ნუთუ მოსკოვი ვერ ამჩნევს გაერთიანებული ოპოზიციის წინა რიგებში პოლიტიკოსებს, რომლებსაც ჯერ კიდე გუშინ კრემლსა და დუმაში უმაღლეს დონეზე იღებდნენ და აღიარებდნენ სრულუფლებიან წარმომადგენლებად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის საქმეში?! თბილისსა და მოსკოვს შორის სახელმწიფო და საინფორმაციო დონეზე ოფიციალური კომუნიკაციის არხების არარსებობის პირობებში ”სრულუფლებიანმა” მოხალისეებმა დარეგულირების ტრენდს სერიოზული დისკრედიტაცია მოახდინეს. შედეგად, ზედმეტი “თავის ტკივილის“ ასაცილებლად, რამდენიმე კომპეტენტური პიროვნება, ვისაც ნამდვილად გააჩნია პოტენციალი, იტვირთოს პასუხისმგებლობა და, უფლებამოსილების მიღების შემთხვევაში, დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან პოლიტიკური მოლაპარაკებების მომზადებაში, თბილისში "შავ სიაში" შეიტანეს. მას მერე „ცარიელ მინდორში“ პროპაგანდის „ქარი ქრის“...

   რჩება კარასინ-აბაშიძის ფორმატი – ერთადერთი ოფიციალური, მაგრამ ტექნიკური საკომუნიკაციო არხი რუსეთსა და საქართველოს შორის. თუმცა, „ტექნიკურს“ მას მხოლოდ თბილისში უძახიან - მოსკოვი, პრაღის მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის შემდეგ, მას იყენებს სრულფორმატიან პოლიტიკურ არხად, ეხება რა რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის მთელ სპექტრს. ამის საპასუხოდ, „უკიდურეს გაკვირვებულ“ თბილისში მედიისთვის ტრადიციულად „სამგროშიან ოპერას“ დგავენ - რას ბრძანებთ, გეთაყვა, ამ საკითხებს მოლაპარაკებებზე საერთოდ არ შევხებივართ! მოლაპარაკებები ხომ მხოლოდ ტექნიკურია! ავიამიმოსვლა, ვაჭრობა, ტრანსპორტი - დიახ, კი ბატონო, მაგრამ რუსოფობია, ლუგარის ლაბორატორია და ნატო - ვინ მოგვცა ამდენი უფლებამოსილება?!

   საერთოდ, სხვა ქვეყნის მთავარი საგარეო უწყების ან სახელმწიფო მოღვაწის დადანაშაულება ცრუპენტელობაში დიპლომატიური სკანდალისთვის საკმარისი მიზეზია, მაგრამ აქამდე საქმე არასდროს მიდის. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს - ეს, მხოლოდ და მხოლოდ, სპექტაკლია ღარიბებისთვის!

მაშ, სად არის სიმართლე? მოსკოვში, თუ თბილისში? იქნებ სადღაც შუაში? არა, ის არის როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მხარეზე, მაგრამ ორივეს, როგორც ხედავთ, საკუთარი სიმართლე გააჩნია...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2020 წლის 7 დეკემბერი
საქართველო, თბილისი