სამართალი
გიორგი ვაშაძე - ყველა ოპოზიციური პარტია მოლაპარაკებისთვის მზადაა

 საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "სტრატეგია აღმაშენებლისთვის" შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გზა არის მოლაპარაკებები, რითაც შეთანხმების მიღწევა იქნება შესაძლებელი.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის შემდგომ შეხვედრას ელოდება.

"გვექნება კომუნიკაცია ინდივიდუალურადაც დიპლომატიურ კორპუსთან. სიტუაცია ძალიან მძიმეა. ყველას მოვუწოდებთ, რომ ნუ გავაკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომელიც უფრო ჩიხში შეიყვანს ამ პროცესს. მათ შორის მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", ასევე თითოეულ ოპოზიციის მხარეს. მე, როგორც ვიცი, ყველა ოპოზიციური პარტია მზადაა მოლაპარაკებისთვის, განსხვავებული აზრი არ მომისმენია ამასთან დაკავშირებით. წინაპირობების დაყენება, რაც გვესმის "ქართული ოცნების" მხრიდან ბოდიშებთან დაკავშირებით და ა.შ. ვფიქრობ, რომ ხელს უშლის თავიდან ბოლომდე ამ პროცესს.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ელჩებს, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებს, რომლებიც ასე გამძლეობით ეკიდებიან ამ მძიმე ვითარებას, რომელიც ქვეყანაშია. მათი ფუნქცია არ არის ის რომ ყოველწლიურად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მედიატორის როლი ასრულონ. მაგრამ იმ მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ქვეყანაშია სხვა გამოსავალი არ გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან დიდი უნდობლობაა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.