სამართალი
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის პოლიციელი დააკავეს

 საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს გენერალური პროკურატურის 26 დეკემბერის განცხადებით, კახეთში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, ზანდარაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღით საჩიშვილი განზრახ მოკლა. ამასთან, შემთხვევის ადგილზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ხელის არეში კიდევ ერთი მოქალაქე დაიჭრა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.