საზოგადოება
ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის, ზურაბ ნასარაიას განცხადებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.

მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით, მხარეებს შორის დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა.

„შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ თანასოფლელები. მათ გაიხსენეს ისტორია, ძველი ურთიერთობები, ისაუბრეს იმის შესახებ, რომ უნდა გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. შეთანხმება შედგა. ქრისტიანები და მუსლიმები ილოცებენ ისე, როგორც ადრე. თუ იქნება ვინმეს მხრიდან რაიმე სახის პროვოკაცია, ეს ადმიანები ერთმანეთს დაუძახებენ. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე პირები მოახდენენ შესაბამის რეაგირებას, რათა არ მოხდეს ვითარების დაძაბვა“, – განაცხადა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში უთანხმოება მუსლიმ და ქრისტიან მოქალაქეებს შორის 12 იანვარს დაიწყო. კონკრეტულად, მუსლიმი თემის წარმომადგენლები სოფელში სალოცავის მოწყობას ითხოვენ, ქრისტიანული თემის წევრები კი ამის წინააღმდეგნი არიან. აზრთა სხვადასხვაობა ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.