უცხოეთი
საქართველოს საკითხი ევროპარლამენტის რეზოლუციებში საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის გატარების შესახებ

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. ევროპარლამენტმა 20 იანვარს ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის, ასევე ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების შესახებ რეზოლუციები მიიღო. ორივე დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები.

რეზოლუცია ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ რუსეთს მოუწოდებს „შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ და შეაჩეროს „ორივე რეგიონის დე ფაქტო ინტეგრაცია რუსეთის ადმინისტრაციულ [სისტემაში]“.

დოკუმენტი ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულების მნიშვნელობას, მხარი დაუჭიროს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე შეშფოთებას გამოხატავს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების „დე ფაქტო ოკუპაციის“ გამო.

აღნიშნავს რა რუსეთის „უარყოფით როლს რამდენიმე გაყინული კონფლიქტის [საკითხზე]“, მათ შორის, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, დოკუმენტი „ხაზს უსვამს, რომ საჭიროა ევროკავშირი გააქტიურდეს ე.წ. გაყინული კონფლიქტების მოგვარების საქმეში“, ასევე „კონფლიქტით დაზარებული მოსახლეობის, დევნილთა და ლტოლვილთა მხარდაჭერის [საკითხში]“.

თავის მხრივ, რეზოლუცია ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ გმობს საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით რუსეთის მიერ „უკრაინისა და საქართველოს ვრცელი ნაწილების“ მიმდინარე ოკუპაციას.

დოკუმენტი ასევე შეშფოთებას გამოხატავს აღმოსავლეთ სამეზობლოში კრემლის დეზინფორმაციული კამპანიების „უპრეცედენტო მასშტაბის“ გამოც.

civil.ge