სამართალი
ევროკავშირი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ

 საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მთავარი სპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ევროპის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება „ნათლად აჩვენებს, რუსეთის ფედერაციამ, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ ეფექტიანად აკონტროლებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე დებულება დაარღვია“.

„სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების მიღწევა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია და ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას განჩინება სათანადოდ აღასრულოს“, – განაცხადა სტანომ.

„ევროკავშირი ერთგულად უჭერს მხარს კონფლიქტების მოგვარებას – რაც მომხდარი კონფლიქტების მემკვიდრეობის მოსაგვარებლად ძალისხმევისაც მოითხოვს – მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარედ თავისი წარმომადგენლის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლისა და ადგილზე გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე სადამკვირვებლო მისიის ძალისხმევით ცდილობს, – თქვა სტანომ.

საგარეო ქმედებათა სამსახურის მთავარმა სპიკერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის „მტკიცე მხარდაჭერა“ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 21 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე, ასევე პროცედურული თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მან ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. გადაწყვეტილებაში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ სახელმწიფოთაშორის დავაზე მიიღო, ნათქვამია, რომ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისა და ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის ქვეშაა.