უცხოეთი
ლავროვმა მოსკოვში მედოევს უმასპინძლა

 საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 25 იანვარს, მოსკოვში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებელს, დმიტრი მედოევს უმასპინძლა. მხარეებმა 2021-2022 წლებზე გაწერილ „კონსულტაციის გეგმას“ მოაწერეს ხელი, რომელიც საგარეო საქმეებში „ორმხრივი კოორდინაციის გაღრმავებას“ ითვალისწინებს.

ცხინვალში დაფუძნებული საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, ლავროვი დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაზე მოსკოვსა და ცხინვალს შორის მიმდინარე „ინტენსიურ პოლიტიკურ დიალოგს“ მიესალმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ორმხრივ კავშირებზე ვაჭრობის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში.

„რეს“-ის ცნობით, მედოევმა აღნიშნა, რომ ცხინვალი მზადაა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად. „სამხრეთ ოსეთი ყოველთვის იყო და იქნება რუსეთის საიმედო მოკავშირე და ერთგული მეგობარი კავკასიაში“, – განაცხადა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრამ „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავებისთვის სახელმწიფოების ორმხრივი განწყობა“ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ცხინვალის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მხარეებმა „უსაფრთხოებისა და საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის არ განმეორების საკითხებიც“ მიმოიხილეს.

„ამას გარდა, ჟენევის დისკუსიების გაგრძელების მნიშვნელობას გაესვა ხაზი, რამდენადაც ეს მოლაპარაკებები …[ცხინვალის]… პოზიციების დასაცავად ყველაზე საკვანძო საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს“, – განაცხადა ოსურმა მხარემ.

ლავროვმა მედოევს იმ წვლილისთვის, რომელიც მან მოსკოვი-ცხინვალის ურთიერთობების განვითარებაში შეიტანა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშანი – „თანამშრომლობისთვის“ გადასცა.

civil.ge