სამართალი
ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე უფლებამოსილების გადამეტებისთვის დააკავეს

 ​საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, 25 იანვარს ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის გამაგრებისთვის გამოცხადებულ 126 572 ლარის ღირებულების ტენდერში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე დააკავეს.

სუს-ის ცნობით, დაკავებულმა ტენდერში მონაწილე ორი კომპანიიდან ერთ-ერთის წარმომადგენლი დაიბარა და იმ მოტივით, რომ ტენდერი „მისთვის სასურველ კომპანიას უნდა მოეგო“, მასში მონაწილეობაზე უარის თქმა მოსთხოვა, წინააღმდეგ შეთხვევაში, „პრობლემების შექმნით“ დაემუქრა. ამასთან, ბრალდებულმა კომპანიას სამომავლოდ ტენდერის პირობების მასზე მორგებაც შესთავაზა.

ამავე განცხადებით, „ზეწოლის მიუხედავად“, კომპანიამ ტენდერში მონაწილეობა მაინც მიიღო და გაიმარჯვა კიდეც, რის შემდეგაც დაკავებულმა „კომპანიას სისტემატურად დაუწყო პრობლემების შექმნა“. შედეგად, კომპანიას სამუშაოების შესრულებისას „ხელოვნური“ ბარიერები შეექმნა და „საბოლოოდ შეუწყდა ხელშეკრულება“.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.