სამართალი
თურქეთიდან მოქალაქეები საქართველოში გამარტივებული წესით შემოვლენ

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორი “პისიარ” ტესტის ნეგატიური პასუხით შემოდის, თურქეთის რესპუბლიკა ემატება და აქედანაც სტუმრები ასეთი გამარტივებული წესებით შემოვლენ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შედეგ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც თურნავამ აღნიშნა, 15 თებერვლიდან საერთაშორისო ფრენების რაოდენობა მოიმატებს .

15 თებერვლიდან ავიაკომპანიები უფრო გააქტიურდებიან და საერთაშორისო ფრენების რაოდენობაც არა კრიტიკულად, მაგრამ გარკვეულწილად მოიმატებს. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ნათელი, მკაფიო და კარგად გააზრებული წესები გვაქვს ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების შემოყვანის.

უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც ვაქცინაციის მოწმობა აქვს, ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვის გარეშე შემოდის ქვეყანაში, ასევე გვაქვს ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც შემომსვლელი შემოდის ნეგატიური “პისიარ” ტესტის პასუხით და საქართველოში მესამე დღეს ვალდებულია, ჩაიტაროს ტესტირება. ეს სია გადაიხედება ხოლმე, გამომდინარე იქიდან, რომ სხვადასხვა ეპიდვითარებაა, ასევე იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის წინაშეა, ჩვენი ამოცანაა, ტურისტულ ინდუსტრიას ჟანგბადი ჩავასუნთქოთ და ნელ- ნელა ამოქოქვა დაიწყოს”,- განაცხადა თურნავამ.