უცხოეთი
ჟოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტის გამო, 80-ზე მეტი ევროდეპუტატი ​მის გადადგომას ითხოვს

 საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტის გამო, 80-ზე მეტი ევროდეპუტატი ​მის გადადგომას ითხოვს. ღია წერილში ევროპარლამენტის წევრებმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების მეთაურის რუსეთში ვიზიტს „დამამცირებელი“ უწოდეს.

„ვიზიტის დროს ბატონი ბორელი არ იცავდა ევროკავშირის ინტერესებს“, – ნათქვამია ევროდეპუტატების წერილში, რომლის ადრესატიც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია.

წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ ბორელმა მოსკოვში ჩასვლით „სერიოზული ზიანი მიაყენა ევროკავშირის რეპუტაციას“.

„ჩვენი აზრით, ევროკომისიამ უნდა მიიღოს ზომები, თუ თავად ბატონი ბირელი არ გადადგება“, – ნათქვამია ევროდეპუტატების წერილში.

შეგახსენებთ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი მოსკოვში 4 თებერვლას ჩავიდა. მან შეხვედრა გამართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან. ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლავროვმა ევროკავშირს „არასაიმედო პარტნიორი“ უწოდა. ამავე ვიზიტის დროს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი 3 ევროპელ დიპლომატს აძევებს. ამის მიზეზად დიპლომატების ანტისამთავრობო მიტინგებზე დასწრება დასახელდა.

მოსკოვში ვიზიტის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი დღეს ევროპარლამენტში დაგეგმილ დებატებზე ისაუბრებს.

1tv.ge