სამართალი
პროკურორი - დავით გარეჯის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

 საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მთავარი აქცენტი გადატანილია დავალების გამცემ პირებზე.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

„გარკვეული სტანდარტი მტკიცებულებების უკვე არსებობს, მათ შორის გარკვეულ პირებთან დაკავშირებით. წინმსწრებად ვერაფერს ვიტყვი, ვერც პირთა იდენტიფიცირებას მოვახდენ, თუმცა უახლოეს მომავალში, როდესაც შესაბამისი სტანდარტი შეიქმნება მტკიცებულებების და ყველა ფუნდამენტური მნიშვნელობის გარემოება დადგენილი იქნება, ამას ვაცნობებთ საზოგადოებას“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს.

ბრალდების მხარე 30 000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა ცვლილებებით დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების დაკავებულების თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.