სამართალი
იან კელი - ნიკა მელიას დაკავება ისედაც დაძაბულ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. "ნიკა მელიას დაკავება ისედაც დაძაბულ ვითარებას კიდევ უფრო გაამწვავებს და ასევე შეაფერხებს მოლაპარაკებების პროცესს მრავალპარტიული პარლამენტის შექმნისთვის. ხელისუფლებამ უნდა განმუხტოს სიტუაცია და განაახლოს მოლაპარაკებები",- ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი twitter-ზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის პატიმრობის შეფარდებას.

ყოფილმა ელჩმა თავისი აზრი გამოთქვა 16 თებერვალსაც, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა - მაშინ იან კელიმ აქცენტი ერთპარტიულ პარლამენტზე გააკეთა.

16 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში, მელიამ ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის ნათელ მხარეს".