რელიგია
„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“ მსახურებას აჩერებს და მოსკოვს „სტატუსის განსაზღვრას“ სთხოვს

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის“ წინამძღოლმა ბესარიონ აპლიამ 19 თებერვალს განაცხადა, რომ აფხაზეთში ყველა ეკლესიის მსახურება ჩერდება, სანამ ეკლესიის სტატუსს მოსკოვი არ განსაზღვრავს.

მან „სტატუსის განსაზღვრა“ მოსკოვის საპატრიარქოს სთხოვა და აღნიშნა, რომ ერთადერთ მოქმედ ეკლესიად სოხუმის საკათედრო ტაძარი დარჩება, დანარჩენი ეკლესიები კი – მხოლოდ მრევლისთვის იქნება ღია.

„იმედი გვაქვს, რომ მოსკოვის საპატრიარქო ჩვენს ეკლესიაში არსებულ სიტუაციას მოაგვარებს, [განსაზღვრავს] აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსს. ჩვენ ვერ ვიქნებით საქართველოს ეკლესიის ნაწილი, არასდროს ვყოფილვართ ქართული ეკლესიის ნაწილი და არც ვიქნებით“, – განუცხადა ბესარიონ აპლიამ აფხაზურ ტელეკომპანიას.

მისი თქმით, რუსეთი „სწორედ მოიქცა“, როდესაც აფხაზეთი „თანასწორ ქვეყნად“ აღიარა და „აფხაზეთის ეკლესიის“ სტატუსიც ანალოგიურად უნდა მოგვარდეს.

ბესარიონ აპლიამ თბილისთან „აფხაზეთის ეკლესიის“ ურთიერთობებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ ქართულ ეკლესიასთან მოლაპარაკებები არასდროს ჰქონიათ.

„ეს ერთხელ მოხდა და მე ვუთხარი „ან გაგვიშვით, ან აგვკრძალეთ“. მას შემდეგ, არ მიმიმართავს საქართველოს ეკლესიისთვის, ვინაიდან ყოველი ჩვენი მიმართა ჩვენზე მათი ძალაუფლების აღიარების ტოლფასი იქნება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ შეუძლებელია ეს „გაურკვევლობა“ 30 წელზე მეტხანს გრძელდებოდეს.

აფხაზეთი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტერიტორიაა და ცხუმ-აფხაზეთის ან სოხუმი-აფხაზეთის ეპარქიის სახელითაა ცნობილი, თუმცა 1992-1993 წლების კონფლიქტის შემდეგ თბილისი ამ ტერიტორიაზე საეკლესიო კონტროლს ვერ ახორციელებს.

აფხაზეთზე ფაქტობრივი საეკლესიო კონტროლი „აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა“ და „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიას“ აქვთ.

„აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიას“ დაახლოებით 15 მღვდელი ჰყავს და ის რეგულარულ მსახურებას რეგიონის მასშტაბით მდებარე 12-მდე ეკლესიაში ახორციელებს. რაც შეეხება „წმინდა მიტროპოლიას“, ის ექვს ეკლესიას აკონტროლებს და მათგან უმსხვილესი დასავლეთ აფხაზეთში მდებარე მე-19 საუკუნის ახალი ათონის მონასტერია.