სამართალი
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში "ათასი მშობლის მარში" ჩატარდა

 საქართველო, 9 მარტი, საქინფორმი. თბილისსა და საქართველოს კიდევ ცხრა ქალაქში ორშაბათს „ათასი მშობლის მარში“ გაიმართა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ.

თბილისში მარშის მონაწილეებმა – სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, უფლებადამცველებმა და რიგითმა მოქალაქეებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოიყარეს თავი. შემდეგ მათ რუსთაველის გამზირზე მსვლელობა გამართეს და მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მივიდნენ.

გუშინდელი მარში ჩატარდა ლოზუნგით „შენი შვილისთვის, ჩვენი შვილებისთვის, გოგონებისათვის!“ მსგავსი აქციები და მარშები საქართველოს ათ ქალაქში რეგულარულად გაიმართება 100 დღის განმავლობაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობამ“ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია ზოგადად ბავშვებზე და კერძოდ 14 წლის ქობულეთელ ნინიზე ძალადობის წინააღდეგ წამოიწყო, რომელმაც სიცოცხლე თვითმვლელობით დაასრულა მას შემდეგ, რაც ოჯახს 23 წლის მამაკაცთან სექსუალური კონტაქტის შესახებ გამოუტყდა. თუმცა მოზარდი ძალადობის მსხვერპლი ოჯახის წევრების მხრიდანაც გახდა. მისი გარდაცვალებიდან მალევე დააკავეს არა მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მასზე იძალადა, არამედ გარდაცვლილის ბაბუც.

„1000 მშობლის მარშს“ ხუთი ძირითადი მოთხოვნა აქვს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ: შევიდეს ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლში, რათა კანონმა გაითვალისწინოს ისეთი ასპექტი, როგორიცაა მსხვერპლის თანხმობა; პროკურატურაში შეიქმნას სექსუალური ძალადობის შემთხვევების საძიებო სპეცდანაყოფი; სქესობრივი განათლება იქცეს საგანმანათლებლო სისტემის ნაწილად, რათა ბავშვებმა სექსუალური ძალადობისგან თავის დაცვა შეძლონ; გაიზარდოს ბავშვთა ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების რაოდენობა; პასუხისგებაში გადაეცეს პროკურორი, რომელიც ორ თვეზე მეტხანს იძიებდა აჭარელი მოზარდი გოგონას საქმეს, რომელმაც გაუპატიურების შესახებ იჩივლა.