სამართალი
ნიკა მელიას გამოსახულებიანი ბანერის ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. ნიკა მელიას გამოსახულებიანი ბანერის სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მათთვის არ მოუმართავთ და გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული ბანერი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მოუმართავთ. გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები“, – აცხადებენ შსს-ში.