სამართალი
სომხეთი რუსულ გაზს აზერბაიჯანის გავლით მიიღებს

 საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. უახლოეს სამ კვირაში სომხეთში რუსული გაზი აზერბაიჯანის გავლით შევა, იუწყება РИА Новости „გაზპრომ-ექსპორტზე“ დაყრდნობით.

რუსული გაზის ტრანსპორტირების თაობაზე მოკლევადიან კონტრაქტს, რომელიც მაგისტრალურ გაზსადენზე „ჩრდილოეთი კავკასია–ამიერკავკასია“ მიმდინარე გეგმური სარემონტო სამუშაოების დროს მიმწოდებლებს სომხეთში გაზის მიწოდების აღდგენის შესაძლებლობას მისცემს, რუსულ კომპანიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას (SOCAR) შორის ხელი უკვე მოეწერა.

„გაზპრომ–ექსპორტმა“ და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ 16 მარტს ხელი მოაწერეს მოკლევადიან კონტრაქტს რუსული გაზის აზერბაიჯანის გავლით ტრანსპორტირების თაობაზე. კონტრაქტის თანახმად, „ჩრდილოეთი კავკასია–ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენის რუსულ მხარეზე გეგმური სარემონტო სამუშაოების დროს გაზი მომხმარებელს აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით საქართველოს საზღვრამდე მიეწოდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სარემონტო სამუშაოები შეიძლება დაახლოებით სამი კვირა გაგრძელდეს. მათი დასრულების შემდეგ კი გაზის ტრანსპორტირება ძველი მარშრუტით – რუსეთი–საქართველოს საზღვრის გავლით მოხდება.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ოფიციალური განცხადების თანახმად, მაგისტრალური გაზსადენი „ჩრდილოეთი კავკასია–ამიერკავკასია“ რემონტდება. ამასთან დაკავშირებით რუსულმა მხარემ აზერბაიჯანს რუსული გაზის აზერბაიჯანიდან საქართველოში ტრანზიტის თხოვნით მიმართა და მიღწეული იქნა შეთანხმება საქართველოში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით რუსული გაზის დროებითი ტრანზიტის თაობაზე ანაზღაურების საფუძველზე, აღნიშნულია SOCAR-ის ინფორმაციაში.