სამართალი
ზურაბ ფაღავა - კახა კალაძის დიაგნოზი დაზუსტდა, სახეზეა ვესტიბულოპათია

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. თბილისის მერს, კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ კარდიოლოგმა, პროფესორმა ზურაბ ფაღავამ განაცხადა.

„ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის შესახებ დიაგნოზი წინასწარ იყო გამოტანილი ერთ-ერთ კლინიკაში, რომელიც შემდგომი კვლევის შედეგად არ დადასტურდა. ის ატარებდა ე.წ. სამუშაო ხასიათს. სახეზე გვაქვს არტერიული წნევის არასტაბილობა. სწორედ ამ მიზეზის გამო, ის მოხვდა ჩვენს კარდიოლოგიურ კლინიკაში. მას აქვს ე.წ. ვესტიბულოპათია. ეს არის ცენტრი, რომელიც არეგულირებს ადამიანის წონასწორობას. აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით”, – განაცხადა ზურაბ ფაღავამ.

მისივე თქმით, კახა კალაძე თავს ამჟამად უკეთესად გრძნობს, მას უტარდება დამატებითი კვლევები, აგრძელებს მკურნალობას და მალე დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

26 მარტს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევებზე იმყოფება.

„მეგობრებო, უამრავი შეტყობინება მომდის, მწერენ ნაცნობები და სრულიად უცნობი ადამიანები, თუ სად ვარ და რატომ არ ვჩანვარ აქტიურად.

თავს ვალდებულად ვთვლი მოგაწოდოთ ინფორმაცია: დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტიბულოპათია, რის გამოც ვიმყოფები სამედიცინო კვლევებზე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში. ვმუშაობ დისტანციურ რეჟიმში და ვაგრძელებ მკურნალობას. მინდოდა, ეს ინფორმაცია ჩემგან მიგეღოთ.

შეხვედრამდე!“, - დაწერა კახა კალაძემ.