საზოგადოება
პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრმა ორგანიზაციებმა საქართველოში პრესისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად პარლამენტის შენობასთან „ფლეშ მობი“ გამართეს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „ფლეშ მობის“ მიზანია, ალტერნატიული და ორიგინალური ფორმებით გამოხატოს მხარდაჭერა საქართველოში პრესის თავისუფლებისადმი და ხელი შეუწყოს ბეჭდვითი მედიასაშუალებების პოპულარიზაციას საზოგადოებაში. „ჩვენი ამოცანაა, ამ ფორმით საზოგადოებასა და ხელისუფლებას საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების მხარდაჭერისკენ მოვუწოდოთ“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა სახლი ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კერძოდ, გაერთიანებაში შედიან „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური ცენტრი“ (GCRT), „საფარი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ადამიანის უფლებათა და კონფლიქტების გაშუქების ცენტრი „კავკასია“.