საზოგადოება
საქართველო აშშ-ის 2020 წლის ანგარიშში ადამიანის უფლებების შესახებ

 საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 30 მარტს ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც რიგი ის პრობლემებია დასახელებული, რომელთაც 2020 წელს საქართველოში ჰქონდა ადგილი, მათ შორის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და პოლიტიკურად მოტივირებულად მიჩნეული გამოძიებები; პირადი საიდუმლოების ხელყოფა; მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების შეზღუდული პატივისცემა; ასევე, ლგბტ თემის წინააღმდეგ ძალადობისა და მუქარის შემცველი დანაშაულები.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ „გადადგა ნაბიჯები ზოგიერთი ოფიციალური პირის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად დარჩა, მათ შორის, ანგარიშვალდებულების ნაკლებობა 2019 წლის ივნისში ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ არასათანადო საპოლიციო ძალის გამოყენებასთან და საქართველოდან 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის გატაცებასთან და აზერბაიჯანისთვის გადაცემასთან მიმართებით“.

ანგარიში აღნიშნავს, რომ „კვლავ რჩებოდა მინიშნებები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ჩარევის თაობაზე. მოსამართლეებზე კვლავ ხდებოდა პოლიტიკური ზეწოლა როგორც სასამართლოს სისტემის შიგნიდან, ისე გარედან“.

სახალხო დამცველის აპარატის, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის კოალიციის და საერთაშორისო თანამეგობრობის წუხილებზე დაყრდნობით, დოკუმენტი სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარ პრობლემად „სასამართლო კლანის“ არსებობას ასახელებს. სასამართლოს შესახებ ნაწილში „კლანი“ ცხრაჯერაა ნახსენები.

2019 წელს რეფორმების „მეოთხე ტალღის“ ხარვეზებზე საუბრისას, დოკუმენტი არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ერთ-ერთი ბერკეტი, რომელსაც სასამართლოების თავმჯდომარეები საქმეების შედეგებზე გავლენის მიზნით იყენებდნენ, იყო ვიწრო სპეციალიზაციის პალატების ჩამოყალიბება უფრო დიდ სასამართლოებში საქმეების გადანაწილების პროცესის მანიპულირების მიზნით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „მოსამართლეთა ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანის ხანგრძლივი პრაქტიკა ასევე პრობლემად დარჩა“, რასაც ემატებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „დაუსაბუთებელი“ გადაწყვეტილებები. დოკუმენტის თანახმად, „ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებში გადაყვანილი მოსამართლეების უმეტესობა „კლანთან“ იყო დაახლოებული და თითქმის ყველა მათგანი ასოცირდებოდა გახმაურებულ საქმეებთან“. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „ადმინისტრაციულ საქმეთა პალატები საარჩევნო დავებს განიხილავენ“.

დოკუმენტში არასამთავრობოებზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საჩივრების განხილვისას სასამართლოები არ ახორციელებდნენ საარჩევნო ადმინისტრაციების ეფექტიან კონტროლს“.

„ერთ ასეთ შემთხვევაში, ბოლნისის სასამართლომ, შემდეგ კი – თბილისის სააპელაციო სასამართლომ, უარი თქვა ერთ-ერთ უბანზე ხმების გაბათილებაზე ან განმეორებითი კენჭისყრის ჩატარებაზე, თუმცა ვიდეომტკიცებულებაში ჩანდა, რომ ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ბოლნისის ერთსა და იმავე უბანზე ხმა რამდენჯერმე მისცა“, – ნათქვამია ანგარიშში.

„ოპოზიცია კვლავაც ითხოვდა ოპოზიციონერი ფიგურის, გიორგი რურუას გათავისუფლებას, და ახასიათებდა მას როგორც პოლიტიკურ პატიმარს, რომლის გამოშვებაც გათვალისწინებული იყო მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმებით”, ნათქვამია ანგარიშში. ტექსტის მიხედვით, „საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან ერთად, შეთანხმება მოიცავდა პირობას, რომ მთავრობას ექნებოდა რეაგირება სასამართლო სისტემაში ჩარევის აღქმაზე”.

რაც შეეხება კორუფციას, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებამ ეფექტიანად განახორციელა კანონი დაბალი დონის კორუფციის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები სუსტი კონტროლის მექანიზმებსა და სამართალდამცველი სტრუქტურებისა დამოუკიდებლობის ნაკლებობას ასახელებენ იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც მაღალი დონის კორუფციას უწყობენ ხელს.

ანგარიში სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციას ეყრდნობა, რომელთაც გააკრიტიკეს „პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენება 8 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ შეკრებილი მომიტინგეების დასაშლელად მას შემდეგ, რაც მომიტინგეები კომისიის გარშემო არსებული ლითონის ღობის მორღვევას შეეცადნენ“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეზღუდული იყო ხელისუფლების მექანიზმების ეფექტიანობა, რომ სამართალდამცველებისა და უსაფრთხოების თანამშრომლების მხრიდან არასათანადო მოპყრობა გამოეძია და დამნაშავეები დაესაჯა, ხოლო ადგილობრივ და საერთაშორისო დონეებზე დაუსჯელობის შესახებ წუხილები კვლავ რჩებოდა.

ანგარიშის თანახმად, პოლიცია კვლავ იყენებდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მიზნით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობა პოლიტიკურ ოპოზიციას უთვალთვალებდა. ასევე, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები იტყობინებოდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყანაში მცხოვრებ დამოუკიდებელ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებსა და აქტივისტებსაც უთვალთვალებდნენ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე დოკუმენტში წერია, რომ 26-მა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 31 ოქტომბრის არჩევნებს „ქართული ოცნების პირობებში ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები უწოდა“.

რაც შეეხება კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდა, ანგარიშში ნათქვამია, რომ „ხელისუფლების მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ გავრცელებულა“.

ანგარიშში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარებაცაა განხილული.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ აფხაზეთის კანონმდებლობა ეთნიკურ ქართველებს, რომელთაც აფხაზეთი 1992-1993 წლების ომის წინ, მისი მიმდინარეობისას ან შემდეგ დატოვეს, თავიანთ საკუთრებაზე წვდომას უკრძალავს; შედეგად, დევნილ მოსახლეობას საკუთრების უფლებები წართმეული აქვს.

დოკუმენტში მოყვანილი იყო აფხაზეთის „ომბუდსმენის“ ანგარიში, რომელიც ეხებოდა ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები „ადგილობრივი“ ეთნიკური ქართველი მოსახლეობის უფლებების დარღვევას. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები „არ ფლობდნენ ფუნდამენტურ უფლებებს და დაუპირისპირდნენ რეგისტრაციის გართულებულ მოთხოვნებს, რაც საფრთხეს უქმნიდა მათ სტატუსს“. დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ აფხაზებმა „დახურეს სოფლის სკოლები და არ აძლევდნენ ეთნიკურ ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობებს“.

მოხსენებაში ასევე საუბარია შიდა გადაადგილების კუთხით არსებულ მნიშვნელოვან დაბრკოლებებზე, რაც გამოწვეულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებზე წვდომის ნაკლებობით, რის გამოც დანარჩენ საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 290,000 იძულებით გადაადგილებული პირი ამ რეგიონებში საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2020 წლის ბოლოს, გავრცელებული ინფორმაციით, 16 ადამიანი დაიღუპა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ვინაიდან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლა ვერ მოახერხეს.

ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მმართველი პარტია კვლავაც განაგრძობდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე არასათანადო გავლენის მოპოვებას მისი დირექტორის, ნათია კაპანაძის გათავისუფლების შემდეგ. ანგარიშის თანახმად, ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ ტელეკომპანიის მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ათობით თანამშრომელი გაათავისუფლა.

დოკუმენტი სახალხო დამცველის აპარატზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მედიის დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ეჭვები გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ რიგი სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებებისა და მათი მფლობელების წინააღმდეგ აღიძრა პოლიტიკურად იყო მოტივირებული. მათ შორის დასახელდა „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას გასამართლება და ამავე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება.

ანგარიშში ასევე განხილულია, სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან საარჩევნო კამპანიის დროს ჟურნალისტებზე განხორცილებული თავდასხმები.

მართალია, მედიის შედარებით მეტი მრავალფეროვნება შეინიშნებოდა აფხაზეთში, ვიდრე სამხრეთ ოსეთში, ორივე ოკუპირებული რეგიონში მედია კვლავ შეზღუდული რჩებოდა რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ.

რაც შეეხება ინტერნეტის თავისუფლებას, დოკუმენტის თანახმად, მთავრობას არ შეუზღუდია ან შეუწყვეტია ინტერნეტზე წვდომა და არც მასალებზე დაუწესებია რაიმე ცენზურა, მაგრამ რჩებოდა წუხილები უკანონო თვალთვალის თაობაზე.

დასაქმებულთა უფლებებზე საუბრისას, ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლება მხოლოდ ზოგჯერ აღასრულებდა შესაბამის კანონებს ეფექტიანად, „სრულად ფუნქციონირებადი შრომის ინსპექციის არარსებობის გამო“. დოკუმენტის თანახმად, მთავრობამ არ აღასრულა კანონები, რომლებიც იცავს გაერთიანების თავისუფლებასა და კრძალავს პროფკავშირების წინააღმდეგ დისკრიმინაციას.

ამავე კონტექსტში, დოკუმენტი აღნიშნავს, რომ მედიაციაში მონაწილეობის თაობაზე დამსაქმებელთა ვალდებულებები არ არის კანონით ან პრაქტიკით მკაფიოდ განსაზღვრული, რისი დასტურიც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მოლაპარაკებების ჩიხში შესული პროცესია.

რაც შეეხება ბავშვებს, დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ სწავლის მიტოვების დონე მაღალია, ხოლო ნაადრევი ქორწინება, ბავშვთა სიღარიბე და ბავშვთა დასაქმება აფერხებს მათ წვდომას განათლებაზე. 2019 წელს, 14 000-ზე მეტმა ბავშვმა დატოვა სკოლა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 10 433 იყო.

ანგარიში აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ეფექტიანად არ აღასრულა კანონო გაუპატიურების შესახებ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მართალია გაუპატიურება უკანონოდ ითვლება, სისხლის სამართლის კანონმდებლობა მეუღლის მიერ გაუპატიურების საკითხს არ განიხილავს.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაზე დაყრდნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ლგბტ პირები კვლავ ძალადობის, დევნის, არასათანადო მოპყრობის, შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. ანგარიშში ნათქვამია, რომ მაისიდან დაწყებული, მთელი ზაფხულის განმავლობაში „თბილისი პრაიდის“ ოფისზე ძალადობრივი თავდასხმის და ლგბტ პირთა წინააღმდეგ მიმართული აქციების უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა.

Civil.ge