საზოგადოება
ფრიდონ ინჯია - ეს გავრილოვის მსგავსი სცენარის გაგრძელებაა, გუშინ იყო პოზნერის ღამე

 საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. ოპოზიციონერი დეპუტატი ფრიდონ ინჯია რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების საქართველოში ყოფნის დროს განვითარებულ მოვლენებს ამაზრზენად აფასებს.

მისივე თქმით, გარკვეულ ძალებს სურთ, ქვეყანაში რევოლუცია მოხდეს და ამით საქართველო ეკონომიკურად დაანგრიონ.

„გუშინ მოხდა ამაზრზენი ფაქტი, ვინ არის პოზნერი? პოზნერი არის ამერიკის, საფრანგეთის,ისრაელის და რუსეთის მოქალაქე. ჩემი აზრით, ის შედის იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები, რომლებიც არიან აქ, საქართველოში. მის უკან დგას რუსეთის გარკვეული წრე. ეს იმ სცენარის გაგრძელებაა, რაც იყო 2019 წელს. კერძოდ, მხედველობაში მაქვს გავრილოვი, ეს იყო გავრილოვის ღამე, გუშინ იყო პოზნერის ღამე. რამ გამოიწვია ეს, საიდან მოდის? ეს მოდის 2003 წლიდან. მაშინ, როდესაც როგორც კი მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“, გააუქმა ერგნეთის ბაზრობა, გადაკეტა გზები აფხაზეთში. ერგნეთის ბაზრობიდან სამაჩაბლოში ქართული ლარი მუშაობდა. ლარი მოქმედებდა და ლარი იყო იქ მისაღები. ეს ყველაფერი გააკეთა, რათა მიეღო ფინანსური მოგება. რა ფინანსური მოგება ჰქონდა, ეს უკვე გამოჩნდა 2008 წელს.

როდესაც ეს მთავრობა მოვიდა, შეძლო, არ ყოფილიყო ომი, შეძლო უვიზო მიმოსვლა, ასოცირების ხელშეკრულება, შეძლო თავისუფალი ვაჭრობა. ეს მათ არ აწყობდათ. აქედან გამომდინარე, ზუსტად მათ მოაწყვეს 2019 წელს, რომ ეკონომიკურად დაზარალებულიყო საქართველო. დღესაც ახლა, რაც მოხდა, ეს არის გაგრძელება 2008 წლის, 2019 წლის, რომ ეკონომიურად როგორმე საქართველო დაინგრეს. სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ. ახლა გამოჩნდა, რომ ჩვენმა მედიატორებმა, მეგობრებმა ევროპიდან და აშშ-დან კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არაფერი გაყალბებული არ ყოფილა. ახლა არის გზა, როგორმე ფეხზე დადგეს ქვეყანა. მათ უნდათ მხოლოდ რევოლუცია და ეს შეუძლიათ მხოლოდ ამ გზით, რომ ეკონომიურად დაანგრიონ საქართველო. თუ 2019 წელს მილიარდები, ასეული მილიონი დაკარგა საქართველომ, ახლა ჩვენ ამის წინაშე ვდგავართ, რომ კვლავ ჩავარდეს ეს სეზონი. უმძიმესი მდგომარეობა შეიძლება აღმოჩნდეს და ჩვენ ძალიან ლოიალურად ველაპარაკებით. ვიწვევთ და ვთხოვთ, იყვნენ. როდემდე უნდა უყუროს ჩვენმა ხელისუფლებამ კარვებს და იმათთან ლოიალურ მიდგომას. არა მგონია, მათ ეს გამოუვიდეთ, არ გამოუვათ და ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანა დაანგრიონ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა ქვეყანა, განვითარებული მოვლენების გამო, ვადაზე ადრე დატოვა.

აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.​ ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

„ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

აქტივისტებმა ჟურნალისტის სტუმრები „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს.