პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ვიდრე პოლიტიკური პატიმრები ციხეში რჩებიან, „ქართულ ოცნებასთან“ არავითარ შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. „ქართულ ოცნებასთან“ არავითარ შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები ციხეში რჩებიან, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვება.

როგორც მან „პალიტრანიუსს“ განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილება მოწმობს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ნაბიჯების გადადგმას არ გეგმავს.

„ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს და ჩვენს საზოგადოებას პირდაპირი გზავნილი გაუგზავნა, არ ვაპირებ არავითარი შეთანხმების გაფორმებას ოპოზიციასთან და არავითარი შეთანხმების მიღწევასო. ტოვებენ პოლიტიკურ პატიმრებს საპყრობილეში. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება სასამართლოს არ მიუღია, სულ სხვაგან მიიღეს. სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა დღეს ჩვენთვის მთავარი სიგნალი იმისთვის, მივდივართ თუ არა შეთანხმებისკენ თუ პირიქით-დაპირისპირებისკენ. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ თავისი გზა აირჩია. ჯერჯერობით, ის არ აპირებს არც ერთი ნაბიჯის გადადგმას იმისკენ, რომ პოლიტიური კრიზისი დაიძლიოს. ბუნებრივია, „ქართულ ოცნებასთან“ არავითარ შეთანხმებაზე საუბარი არ იქნება, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები ციხეებში რჩებიან“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და ის ძალაში დარჩა. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული მელია, რომელმაც პროცესზე სიტყვით რამდენჯერმე ისარგებლა.