პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა ტელეფონით ისაუბრეს

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. 13 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციისა და უსაფრთხოების საკითხებზე ტელეფონით ისაუბრეს.

მინისტრ ზალკალიანის თქმით, მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ახალი გეოპოლიტიკური ვითარება, ასევე უკრაინა-რუსეთის საზღვარზე შექმნილი სიტუაციაც განიხილეს.

ქართველი დიპლომატის განცხადებით, „აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ისე ჩვენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“. „ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ვაშინგტონის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ“, განაცხადა მინისტრმა.

„ველოდებით ბაიდენის ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის“, ქვეყნებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად, განაცხადა დავით ზალკალიანმა.