სამართალი
ევროპის საბჭო - საქართველომ თექვსმეტიდან შვიდი ანტიკორუფციული რეკომენდაცია შეასრულა

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს ანტიკორუფციულმა ორგანომ, სახელმწიფოთა ჯგუფმა კორუფციის წინააღმდეგ (GRECO), განაცხადა, რომ 2019 წლის შემდეგ საქართველომ 16-დან სულ შვიდი (დამატებით ორი) რეკომენდაცია შეასრულა პარლამენტის წევრებთან, მოსამართლეებთან და პროკურორებთან მიმართებით კორუფციის პრევენციის მიზნით.

12 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ დამაკმაყოფილებელი ზომები მიიღო პროკურორების სამსახურში აყვანისა და დაწინაურების ობიექტური კრიტერიუმების შემოღებისთვის, ასევე უზრუნველყო „საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსის“ განახლება.

ანტიკორუფციულმა ორგანომ განაცხადა, რომ 2022 წლის 31 მარტისთვის ის საქართველოსგან დამატებით ინფორმაციას ელის იმ ცხრა რეკომენდაციაზე, რომლიდანაც შვიდი ნაწილობრივ შესრულდა, ორი კი – საერთოდ არ შესრულებულა.

ორი შეუსრულებელი რეკომენდაციიდან ერთი ეხება ქონებრივი დეკლარაციის მოქმედების არეალის გაფართოებას ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ კანონის შესაბამისად, რათა ის ყველა პროკურორს შეეხოს. მეორე რეკომენდაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მოსამართლეთა იმუნიტეტი მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საქმიანობამდე შეიზღუდოს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ დეპუტატებს შორის კორუფციის აღმოფხვრის მიზნით, საქართველომ ნაწილობრივ შეასრულა რეკომენდაციები, რომლებიც საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობის ზრდას ეხებოდა, მათ შორის, მიიღო ქცევის კოდექსი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ანტიკორუფციულმა ორგანომ განაცხადა, რომ საქართველომ ნაწილობრივ შეასრულა რეკომენდაციები მოსამართლეთა სამსახურში აყვანისა და დაწინაურების სისტემის რეფორმირებისთვის, განაახლა „სასამართლო სისტემის ეთიკის ნორმები“ და მიიღო ზომები მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინალური წარმოების ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ობიექტურობის გასაზრდელად. ამასთან, საქართველომ ნაწილობრივ მიიღო ზომები, რომლებიც პროკურორებთან მიმართებით დისციპლინალური რეჟიმის გადახედვას ითვალისწინებდა.

ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანოს თექვსმეტი რეკომენდაცია 2016 წელს საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშშია ასახული.