სამართალი
ინდოეთიდან საქართველოში შემოსული პირებისთვის წესები მკაცრდება

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ინდოეთიდან ჩამოსული პირებისთვის საქართველოში შემოსვლის წესები მკაცრდება. კერძოდ, დღემდე მოქმედი წესის თანახმად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად), ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, შეზღუდვებს არ ექვემდებარება. 15 აპრილიდან კი, ეს წესი აღარ გავრცელდება ინდოეთიდან მომავალ მოქალაქეებზე (მოქალაქეობის მიუხედავად), რომლებიც, ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − საზღვრის კვეთიდან სამი დღის განმავლობაში (72 საათი) სავალდებულო თვითიზოლაციას და მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით „პისიარ“ კვლევის ჩატარებას.

ამის შესახებ №169 დადგენილებაშია ნათქვამი, რომლის თანახმადაც „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილებები შედის. დადგენილება „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

დადგენილების თანახმადვე, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი სტუდენტების საქართველოში შემოსვლა განხორციელდება მხოლოდ ჩარტერული რეისებით. ინდოეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩარტერული რეისის შესრულებისას კი, ავიაკომპანიას უნდა ეთხოვოს მგზავრების დოკუმენტაციის ვალიდურობის ადგილზე გადამოწმება, წამოსვლამდე.

ბოლო პერიოდში ინდოეთში ეპიდსიტუაცია უარესდება – გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 184 372 ადამიანს დაუდასტურდა, რაც მთელ მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში, ინდოეთში გარდაიცვალა 1 027 კოვიდინფიცირებული. პანდემიის დაწყებიდან ინდოეთში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 13,9 მილიონი შემთხვევა. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 172 085-ს შეადგენს. ბოლო ერთი კვირაა ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 100 ათასს აჭარბებს. ეპიდვითარების გართულების გამო ინდოეთის მაჰარაშტრას შტატში კარანტინი გამოცხადდა.