უცხოეთი
რუსეთში აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ სალივანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

ინფორმაციას რუსული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერ მარია ზახაროვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგახსენებთ, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.

კერძოდ, ჯო ბაიდენის აღმასრულებელი განკარგულების თანახმად, აშშ ქვეყნიდან აძევებს ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოს 10 თანამშრომელს, რომელთა შორის რუსეთის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები არიან.

ამასთან, სანქციები უწესდება 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობისთვის.

ასევე, ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ რუსეთის ცენტრალური ბანკის, ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ან რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული ობლიგაციების შეძენა ან რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებისთვის სესხის გაცემა.

ამასთან, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კომპანია „სოლარვინდის“ წინააღმდეგ განხორციელებულ მასშტაბურ კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს აკისრებს.

როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, ავსტრალიასთან და კანადასთან პარტნიორობით, სანქციები დაუწესა რვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ ყირიმში რუსეთის მიმდინარე ოკუპაციასა და რეპრესიებთან.

თეთრი სახლის განცხადებით, ტრანსატლანტიკური საზოგადოება ერთიანია უკრაინის მხარდაჭერაში რუსეთის ცალმხრივი პროვოკაციების წინააღმდეგ.

1tv.ge