პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო

   …აქ ყოველ 23 აპრილს ავდივართ, სამეგობრომ იცის, თუ რატომ…

   დღეს მარტო ავედი და არ მეგონა დილაუთენია, ქარიან პარასკევს, ჩემს მებრძოლ ძმებს, ოცზე მეტი წლის უნახავს, თუ შევხვდებოდი! დანარჩენი ძმებიც აქ იყვნენ, ოღონდ – მიწაში...

   ფოტო გადამიღეს მობილურით, როდის შევხვდებით კიდევ, ვინ იცისო. სულ ამერიკულ ფორმაში გაპიწკინებული, ამერიკულ ბათინკებში გვახსოვხარო...

   ცუდია, რომ ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მათ შორის - ქვეყნის მბრძანებლებისთვის, ჩვენ უცხოპლანეტელებივით შორს ვართ. ხანდახან უკვე მეც ვუყურებ საკუთარ თავს, როგორც სასწაულად გადარჩენილ დინოზავრს! ვარ კი გადარჩენილი?! არ შეიძლება ადამიანმა იმდენი გადაიტანოს და იმდენჯერ ცხოვრება ხელახლა დაიწყოს, როგორც ჩემი თაობის ბიჭებს მოუწია...

   სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, ამინ! ყველაზე მთავარი სამი დროშა საქართველოში… ძალიან ძვირი გვიჯდება ქვეყნის გამყიდველი მბრძანებლების შეცდომები... დღეს მაინც ნუ შეურაცხყოფენ გმირების ხსოვნას - მოეფერონ ქართველ ხალხს, დააპურონ და ყველანაირად პატივი სცენ…

   არც ერთი ქართველი პოლიტიკოსის, ან მათი შვილების საფლავს აქ ვერ ნახავთ - არც ერთს არ შეუწირავს თავი სამშობლოსთვის, ჯარშიც კი არ უმსახურიათ! როგორ შეიძლება შეეგუო იმ შეუქცევად დანაკარგს, რომლის თავიდან აცილება შეიძლებოდა?!    

   პოლიტიკოსებისთვის, რუსთაველზე 15 მაისს აქციას რომ აპირებენ და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინებით რომ დაეთრევიან, აქ სამარისებული სიჩუმე დგას. მე კი ტანკების ბრახუნი მაყრუებს, ტყვიების, ჭურვების, განწირულების ღაღადი!

   ... ჭიქა წავაქციეთ და წამოვედი, ისინი დარჩნენ - ცოტა ხანსაც კიდევ ვიქნებითო…

2021 წლის 23 აპრილი
საქართველო
, თბილისი