უცხოეთი
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს უკრაინაში ჩავა

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან მიმდინარე წლის აპრილში მობილიზებული რუსული შეიარაღებული ძალებისგან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ და ოფიციალური კიევის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად ბლინკენი დღეს უკრაინაში ჩავა.

„ბლინკენის ვიზიტის მიზანი, რუსული აგრესიის ფონზე, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერის გამოხატვაა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ ფრაისმა.

ფრაისის თქმით, სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას აგრეთვე დიდ ყურადღებას გაამახვილებს უკრაინის შიდა ანტიკორუფციულ საკითხებზე. სავარაუდო კორუფციასთან დაკავშირებული შეშფოთება მას შემდეგ გაჩნდა, რაც უკრაინის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზის“ ხელმძღვანელობა შეიცვალა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ლონდონიდან ჩავა, სადაც „დიდი შვიდეულის“ საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრები მიმდინარეობს.

1tv.ge