საზოგადოება
სალომე სამადაშვილი - რაც მეტად წაართმევს ხმებს გახარია „ქართულ ოცნებას“, უკეთესია ოპოზიციური სპექტრისთვის

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. ქართველი ხალხის უმრავლესობას აქვს საკმარისი პოლიტიკური გამოცდილება, რომ ხვდებოდეს რამდენად აბსურდულია ადამიანი, რომელიც ყველა საკვანძო პოზიციას იკავებდა, გვესაუბრებოდეს ისე, თითქოს არანაირ კავშირშია ჩვენს რეალობასთან, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არანაირი პარამეტრით არ შეიძლება, რომ გახარია ვინმემ ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლად ჩათვალოს.

„საზოგადოების დაცინვაა ის გზავნილები, რაც 20 ივნისთან დაკავშირებით ჰქონდა პრემიერ-მინისტრს. ბატონი გახარია არანაირი პარამეტრით არ შეიძლება ვინმემ ჩათვალოს ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლად, თუმცა შესაძლოა, არსებობს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის რაღაც ნაწილი, ვისთვისაც ის შეიძლება იყოს საინტერესო პოლიტიკური პროექტი. რაც მეტად წაართმევს ხმებს გახარია „ქართულ ოცნებას“, ეს მეტად უკეთესია ოპოზიციური სპექტრისთვის. თუმცა, ამ თვალსაზრისითაც გახარიას პოტენციალი არ არის იმხელა, რამხელაც შეიძლება „ქართულ ოცნებას“ ჰგონია. ეს ადამიანი აცხადებს, რომ არაფერზე პასუხისმგებლობას არ იღებს, არანაირი ხედვა არ აქვს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით შეფასებას არ აკეთებს. ვფიქრობ, ყველასათვის ყველაფერი გასაგებია, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ვიხსენებთ მის ბიოგრაფიას“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. როგორც სამადაშვილმა განმარტა, გაუგებარია რატომ არ უერთდება „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ დოკუმენტს და ეს მათი მხრიდან „პოლიტიკური შეცდომაა“ .

„ჩემი გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დამეტოვებინა უკავშირდებოდა იმას, რომ შეცდომად მიმაჩნდა გუნდის პოზიცია დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით. ეს დღესაც შეცდომად მიმაჩნია და ვფიქრობ, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ასევე ქვეყნის შიგნით არ დაეხმარება „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი პოზიციების გაძლიერებაში და არ მესმის, რატომ არ აწერს ხელს მაშინ, როდესაც ამ დოკუმენტის მთავარი ღირებულებაა, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნებას“ გადადგას ქვეყანაში პოლიტიკური გარემოს შესაცვლელად მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ვადამდელი არჩევნები მათთვის იყო მთავარი თემა, ამ დოკუმენტით, თუ საოცარი შეცდომები არ დაუშვა თავად ოპოზიციამ, ჩვენ გარანტირებული გვაქვს ვადამდელი არჩევნების ჩატარება 2022-ში. რატომ არ უერთდება ამას „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემთვის გაუგებარია და მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური შეცდომა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.