სამართალი
თამარ ჟვანია - წასვლას არ ვაპირებ, ჩვენ ძლიერები ვართ, რადგან ვართ მართლები

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, გადადგომას არ აპირებს.

თამარ ჟვანიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „ისევ ის ატარებს თუ არა თვითმმართველობის აჩევნებს“.

„როგორც ხედავთ, მე აქ ვარ. ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, მათ შორის კომპოზიციის ნაწილში. შევხედავთ კანონმდებლობის ცვლილებებს. მე არსად წავსულვარ, წასვლას არ ვაპირებ და კანონმდებლობიდან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ამასთან, ჟვანია კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნავს, რომ ოპოზიციისგან მისთვის ბოდიშის მოხდის მოლოდინი არ აქვს.

თამარ ჟვანიას განმარტებით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უსამართლო ბრალდებების მოსმენა უწევს.

„სიმართლე გითხრათ, მე ასეთი მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს. პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც უსაფუძვლო ბრალდებები მომისმენია. მე პირადად ამ არჩევნების შემდეგ პერიოდში მივიღე ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ასევე დაუსაბუთებელი, მაგრამ ბოდიში არაფერს ასწორებს, ყველაფერს ასწორებს სიმართლე. ჩვენ ძლიერები ვართ იმიტომ, რომ ვართ მართლები“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.