უცხოეთი
ვიოლა ფონ კრამონი - ორივე მხარე აწარმოებს საშინელ პოლიტიკურ თამაშს

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. ორივე მხარე აწარმოებს საშინელ პოლიტიკურ თამაშს მათი მოქალაქეების ხარჯზე, – ამის შესახებ ევროპარლმანტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაწერა.

ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს უკანასკნელი საშინაო მოვლენების შემდეგ, დავით ზალკალიანის „ევრაქტივთან“ ინტერვიუ სასაცილოდ გამოიყურება.

„ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ აუქმებს ევროკავშირთან გაფორმებულ 19 აპრილის შეთანხმებას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება 2020 წლის შემდგომი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დღის წესრიგის პერსპექტივა“, – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

ევროპარლამენტარი „ტვიტერში“ ასევე წერს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არც კი უცდია ევროკავშირთან გაფორმებული ერთობლივი შეთანხმების ხელმოწერა.

„სიმართლე რომ ვთქვათ, უდიდეს ოპოზიციურ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არც უცდია ევროკავშირთან გაფორმებული ამ ერთობლივი შეთანხმების ხელმოწერა. ასე რომ, ორივე მხარე აწარმოებს საშინელ პოლიტიკურ თამაშს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ხელს არაფერს უწყობს“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.​

ამასთან, ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს, რომ ამჟამად უკრაინაში იმყოფება და საქართველოში აპირებს ჩამოსვლას.

1tv.ge