აქტუალური
მამუკა ხაზარაძე - „ქართული ოცნების“ განცხადება უპასუხისმგებლოა“

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ დღევანდელი განცხადება არის უპასუხისმგებლო განცხადება იმ ძალისა, რომელიც ცალმხრივად ტოვებს შარლ მიშელის დოკუმენტს. ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა, რადიკალიზმისკენ მიმართვა ჩვენი საზოაგადოების, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელო“ გააკეთებს ყველაფერს, რათა რადიკალიზაციას გასაქანი არ მისცეს. მამუკა ხაზარაძემ ყველა ოპოზიციურ ძალას მოუწოდა, საკითხთან დაკავშირებით სასწრაფოდ გამართონ კონსულტაციები.

როგორც მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამენ. ხაზარაძის თქმით, არც ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტს გამორიცხავს.

აქვე, მინდა, გითხრათ, რომ „ლელო“ გააკეთებს ყველაფერს, რათა რადიკალიზაციას არ მისცეს გასაქანი ამ ქვეყანაში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის მისი რეიტინგი და იმიტომ გამოვიდა ამ ხელშეკრულებით, იციან, რომ ისინი 43 პროცენტს ვერ დააგროვებდნენ.

აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საზოგადოებას, პირველ რიგში, ჩვენს ოპოზიციურ პარტნიორებს, ყველა ოპოზიციურ ძალას, სასწრაფოდ დავუთმოთ კონსულტაციები. ჩვენ უკვე ხაზზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ამ ყოვლად უპასუხისმგებლო დესტრუქციულ განცხადებას, რომელიც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, არ მივცემთ საშუალებას, რომ გატარდეს ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ, ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორებთან ერთად ძალიან წყნარად, მშვიდ ვითარებაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ. ეს ნაბიჯები იქნება მიმართული, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილიზაცია და თუ საჭირო იქნება, არ გამოვრიცხავ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტსაც.

მინდა, ხაზგასმით გითხრათ, რომ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ტყუილის ტირაჟირება, ხელშეკრულებისა და სიტყვის უპატივისმცემლობა, ეგრეთ წოდებული გადაგდებების სერია, რომელიც უკვე წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანას მიაქანებს რუსეთის იმპერიისკენ. ჩვენ შარლ მიშლის ხელშეკრულებით გვაქვს არჩევანი, ქვეყანა განვითარდება ევროპული ვექტორის მიმართულებით, დაიწყება ქვეყანაში სრული წინსვლა, რეფორმები და აღმავლობა. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ ამ ხელშეკრულებიდან გასვლით მათ არჩიეს რუსეთის გზა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოებს დაუბრუნდა.