სამართალი
რუსეთი მზადაა განიხილოს საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. რუსეთი მზადაა განიხილოს საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი, განუცხადა ჟურნალისტებს ფედერაციათა საბჭოს საერთაშორისო საქმეთა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. ამის შესახებ ТАСС წერს.

„მზად ვართ ის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განვიხილოთ. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ის მაინც გადაწყდება“, - განაცხადა მან.

ამასთან კარასინმა ავიამიმოსვლის აღდგენის კონკრეტული ვადების დასახელებისგან თავი შეიკავა.

კარასინმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან პირისპირ შეხვედრას სექტემბერ-ოქტომბერში გამართავს, ხოლო შეხვედრის ჩატარების ადგილი პანდემიაზე იქნება დამოკიდებული.

რუსეთში რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები 2019 წლის ივლისში აუკრძალეს სახელმწიფო დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებული საპროტესტო აქციებისა და ანტირუსული ლოზუნგების გამო. ამ დროისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა მესამე ქვეყნების გავლით შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაციის შესახებ სერტიფიკატი და/ან PCR-ტესტზე უარყოფითი პასუხი ექნებათ.

რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. პოლიტიკური დიალოგი ქვეყნებს შორის მხოლოდ ჟენევის დისკუსიების ფარგლებშია შენარჩუნებული. ურთიერთობები ქვეყნებს შორის ქართულმა მხარემ მას შემდეგ გაწყვიტა, რაც 2008 წლის 26 აგვისტოს მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

პრაღის მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის დეკემბერში, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამოქმედდა. აბაშიძე და კარასინი განიხილავენ ვაჭრობასთან, ტურიზმთან და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებს. მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი შედეგი 2013 წელს ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნა გახდა. მას შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად უმჯობესდება.